უკან დაბრუნება
განცხადებები
არ გეტყვი
21-07-2016, 23:03
ნანახია: 1790
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნადია ცხადაია

ადრე გაზაფხულზეც კი კოლხეთში, იშვიათად იგრძნობა წარმავალი ზამთრის სუსხი, ხშირად წვიმა ცრის, მაგრამ როდი ცივა, წყლის გასაოცრად წვრილი წვეთები მარგალიტივით ბრწყინავენ ახლად მოხეთქილ მცენარეთა კვირტებზე, ფოთლებზე, მწვანედ ხასხასებენ ნორჩი ბალახით დაფარული მინდვრები. მიხრწნილსა და ხელჩაქნეულსაც კი საამქვეყნოდ მოაბრუნებს გაზაფხულის მაცდუნებელი სიმშვენიერე, აღუძრავს სიცოცხლის სურვილს, ხელებს გააშლევინებს მომავლისაკენ.
მივაბიჯებ მწვანე ქუჩაზე, ფეხები ეფლობა დაცვარულ ბალახში და მიხარია, ვფიქრობ, რომ წელიწადის ეს დრო ყველაზე მიმზიდველია, იგი გამოღვიძებაა, ახალი, ცოცხალი სამყაროს მეჯლისი...
ფიქრები უცებ შემიწყდა, მოულოდნელად ექვსიოდე წლის გოგონამ გზა გადამიღობა, სახეში შემომცინა და ლურჯი იების კონები მომაწოდა. დავიბენი, იების პაწია კონებს დავაშტერდი, მერე ბავშვს შევხედე. იგი კვლავ ღიმილით შემომცქეროდა იასავით ლუჯთვალება, ნაზი და უმანკო, გაზაფხულივით სასურველი და ყვავილივით ლამაზი, გონს მოვედი, ამ პატარა საჩუქარმა მეტად ამაღელვა, ხელები გავშალე, რომ მოვხვეოდი, მაგრამ გამექცა ისევე მოულოდნელად როგორც მომეჭრა. გამოდევნე, ახლა ჭიშკარს მიეფარა და იქიდან მითვალთვალებდა. ისეთი ალერსითა და სიყვარულით, რომ სიმშვიდე დავკარგე, ეზოში შესვლა დავაპირე, კვლავ გამექცა, სახლს ამოეფარა.
გზა განვაგრძე, ჩემს წინ იისფერი თვალები ელავდნენ, რომლებიც თითქოს მეკითხებოდნენ, რათ მოგართვი ამ დილით იების პაწია კონები, რათ გაგექეცი? ცუღლუტური ნაპერწკლები ხტუნავდნენ და გამოჯავრებით პასუხობდნენ - არ გეტყვი, არ გეტყვი.
დაე ნუ მეტყვის, მე კი ყოველთვის მიხარია და მაღელვებენ საჩუქრად მორთმეული ლურჯი იების ეს პატარა კონები.

გაზეთი "მგზნებარე კოლხიდელი"

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი