უკან დაბრუნება
განცხადებები
იგორ კეკელია ლექსიკონი
5-02-2017, 13:57
ნანახია: 1694
გაუზიარე სტატია მეგობარს


 იგორ კეკელია
 უდამწერლობო ენის - მეგრულის (ზანურ-კოლხურის) ფონეტიკური, გრამატიკული და ლექსიკური სტრუქტურის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკანასკნელ ათწლეულში. აქამდე ჩვენთვის ცნობილი იყო ი. ყიფშიძის (11), შ ბერიძისა (1) და არნ. ჩიქობავას (7) მიერ გამოქვეყნებული სალექსიკონო მასალები. 1997 წელს დაიბეჭდა გ. ელიავასა და პ. ჭარაიას „მეგრულ-ქართული ლექსიკონი“ (3; 8), 1998 წელს - ბ. კილანავას „900 მეგრული სიტყვა“, ხოლო 1999 წელს - დ. ფიფიას „მეგრულ-ქართული სალექსიკონო მასალები“ (9).   მიუხედავად ამისა, ზემოთ ჩამოთვლილი სალექსიკონო მასალები სრულყოფილად მაინც ვერ ასახავენ სამეგრელოს მდიდარ ლექსიკურ მარაგს. ამ კუთხით განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია პროფესორ ოთარ ქაჯაიას ავტორობით „მეგრულ-ქართული ლექსიკონის“ სამტომეულის გამოცემა (დაახლ. 1900-მდე გვერდი), რომელიც ქართველოლოგიურ მეცნიერებაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს. ლექსიკონის გამოცემა განხორციელდა გამომცემლობა „ნეკერის“ მიერ, 2001-2002 წლებში. მანვე 2001 წელს, გერმანიაში, ვისბადენში, გამოჩენილ გერმანელ ქართველოლოგთან, პროფ. ჰაინც ფენრიხთან ერთად, გამოსცა „მეგრულ-გერმანული ლექსიკონი“ (688 გვ.).     ო. ქაჯაიას თქმით, ლექსიკონს თარგმნითი, დიალექტოლოგიური, ეთნოგრაფიული, ტერმინოლოგიური, დოკუმენტირებული და ნორმატიული ხასიათი აქვს. ლექსიკონის პირველ ტომს წინ უძღვის რედაქტორის - აკად. ზურაბ სარჯველაძის სამეცნიერო ხასიათის წერილი - შესავალი, ავტორის შესავალი და გრამატიკის კურსი ძირითადი ტაბულების სახით, რითაც მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა გარკვეული ინფორმაციის მიღებისა ამ უდამწერლობო ენის გრამატიკულ თავისებურებებზე. ლექსიკონში წარმოდგენილია აგრეთვე შემოკლებანი (1. მასალები. ტექსტები, 2. ლექსიკონთა სია, 3. ტერმინები და 4. პირობითი ნიშნები), ხოლო მესამე ტომში, დანართის სახით, მკითხველს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს ლექსიკური ფონდის თემატიკური რკალის სინონიმურ სიტყვათა 10 ჯგუფს.
   „ეს წიგნი, - ვკითხულობთ რედაქტორის ბოლოსიტყვაობაში, - ქართველოლოგიის საუნჯეში საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს და მომავალი ეპოქის მკვლევარები მის ავტორს მუდამ მიაგებენ იმ პატივს, რასაც იგი ღირსეულად იმსახურებს... ყოველი კარგი ლექსიკონი ერის სიმდიდრეა. პატივი და ქება-დიდება მათ, ვინც ამ სიმდიდრის შექმნას მუხლჩაუხრელად ემსახურებიან“. (ო.ქაჯაია, III, გვ. 659).
   მეგრული ლექსიკონის ფონდი იმდენად მდიდარია, რომ მისი სრულყოფილი აღნუსხვა რთული საქმეა. ამდენად, ბუნებრივია, ო. ქაჯაიას მიერ გამოცემულ სამტომეულში ასახვა ვერ ჰპოვა ყველა მეგრულმა სიტყვამ. ლექსიკონის შემდგომი შევსება-სრულყოფის საქმეში ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ჩვენ მიერ
მოჩხრეკილ-მოძიებული ლექსიკური მარაგის რამდენიმე ათეული ნიმუში, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
ბორკი (ბორკის) - კუთხე, კონცხი, დაბოლოება. „გვალაშ ბორკის მიძუ ვანა - მთის კონცხზე მაქვს ყანა“.
ბურბუ (ბურბუს) - ღამურა; „კიდას ბურბუ მიკო უჩუ - კედელზე ღამურა მიყუჟულა“.
გიშაბუკონუა (გიშაბუკონუას) - ამოწყვეტა, ამოძირკვა, ძირფესვიანად ამოთხრა, გადატ. სულის ამოხდა. „შურს გეშაიბუკონუქ - სულს ამოგხდი“.
გობხა - კუზიანი, ამობურცული. „გობხა არდგირს ჯა ქეგვორგე - ბორცვზე ხე დავრგე“.
გოდერექუა (გოდერექუას) - გადაწონვა, განთავისუფლება. „დიხა კურთხელი, სქანი ნაჭოფაგოდერექი - მიწავ, კურთხეულო, შენი დაჭერილი გაათავისუფლე (ავადმყოფობა გადაწონე)“. უჟმურის თავიდან მოსაცილებელი რიტუალისას ამბობენ.
გოინწო (გოინწოს) - დავიწროებული. „ათე შარა გვალო გონწოე - ეს გზა სულ დავიწროებულია“.
დღებერია, დღვებერია (დღებერიას, დღვებერიას) - უშნოდ ყვითელი, გადატ. მსუქანი კაცი.
დღერდღელია (დღერდღელიას) - ბლანტი, სქელი სითხე; გადატ. მსუქანი, უშნო.
ეურგეური - მიეთმოეთი. „ქომორთუ დო ქიდიჭყუ ეურგეური - მოვიდა და დაიწყო მიეთმოეთის ლაპარაკი“.
თაჯი უჩა - შავი დაღი, ტანჯვა, გადატ. „ნაჟამა“ (უჟმური); ჰაეროვან-წვეთოვანი ინფექციით გამოწვეული დაავადება, რომელიც გართულების შემთხვევაში იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას. შელოცვებში ხმარობენ: „მელე-მოლე ფოთქი უჩა, თექ მითოხე თაჯი უჩა - აქეთ-იქით დარანია, იქ ზის შავი ტანჯვა“.
თქვაფი (თქვაფის) - მცირე, თხელი ტალახი (შდრ. დგვეფანა, დგვეფო - ო. ქაჯაია, I, გვ. 452).
კარანა (კარანას) - ხვატი, პაპანაქება. „თიჯგუა კარანა რე, გალე ვეგმირთე - ისეთი პაპანაქება სიცხეა, რომ გარეთ არ გაისვლება“.
კარიჩნი (რუს.) - ყავისფერი. „კარიჩნი კაბა მააძუდუ - ყავისფერი კაბა ეცვა“.
ლაბარტყია (ლაბარტყიას) - არწივის მართვე. ო. ქაჯაიას ლექსიკონში ლაბარტყია/ლაპარტყია განმარტებულია როგორც „ბრტყელი, პრტყელი“ (შდრ. ლაფართია) (II, 177).
მაორტვინაია (მაორტვინაიას) ზოოლ. „მებოსტნია“. მომწვანო ფერის ჩიტს ეძახიან.
მოშორგი(ლ)ი (მოშორგი(ლ)ს) - მოცვეთილი, გაცვეთილი. ო. ქაჯაიას ლექსიკონში „მოშორგუა“ - სახელი მოშორგუნს ზმნისა განმარტებულია, როგორც „ზერელედ ხმარება რისამე“ (II, 317).
მითარე - (ევფემიზმი) ცოლი, ქმარი.
მაკოია (მაკოიას) ენტომ. - კალია, ჭრიჭინა (შდრ. კოლი: ო. ქაჯაია, II, 155).
მუნჭყვი (მუნჭყვის) - სპილო. „ღუმა სიზმარო მუნჭყვი ქოვძირი - წუხელ სიზმრად სპილო ვნახე“.
ოფუტე (ოფუტეს) - საკვამური. გადატ. საცხოვრისი, სამოსახლო, ოჯახი. „გეჭვირი დო გენავაერითიშ ოფუტე - დამწვარიყოს და ფერფლად ქცეულიყოს მისი ოჯახი“.
ორდალი - გასაზრდელი. ჩვეულებითი სამართლის ერთ-ერთი სახეობა, გადატ. ღვთის მსჯავრი. ეჭვმიტანილს გამოცდიდნენ გახურებულ რკინაზე ხელის შეხებით ან მდუღარე წყალში ხელის ჩაყოფით.
ოღრაში (ოღრაშის) - სასიკვდილე, დასაღუპავი, გადატ. გაიძვერა, უსინდისო, ბოროტი კაცი - (ოღ(უ)რაში). „ოღრაში კოჩი რე, ღორონთიშე ჭყელი - ბოროტი კაცია, ღვთისგან წყეული“.
ორჯოყანი - ბოროტი, დაუნდობელი, ავი განზრახვის მქონე. „ორჯოყანიე, ორიჯიშორო უქიქანს ნოჸორი - ავია, საქონელივით დაუღია პირი (და ღრიალებს)“ ორ(ი)ჯყა(ე)ნი.
პარანა (პარანას) - 1. ცეცხლი. „პარანაქ გურჩქინდუ - ცეცხლი გაუჩნდა (წაეკიდა)“. 2. ისტერიკა, წივილ-კივილი. „პარანა ქიმიკათინუუ - ისტერიკაში ჩავარდა (კივილი მორთო). ბ. კილანავა განმარტავს როგორც „მდინარის ძალიან ძლიერ ადიდებას“ (1998, 16).
პარტახი (პარტახის) - გაპარტახებული, ნასახლარი, გავერანებული. „პარტახი“ ადგილის სახელწოდებაა ბანძაში (მარტვილის რ.) (ი. კეკელია, 2007, გვ. 57).
რეღმა (რეღმას) - ქვიანი, ღორღიანი ადგილი. „თიჯგუა რეღმა რე, ხაჩქუა ძაამ ძნეირე - ისეთი ქვიანი ადგილია, რომ თოხნა ძნელი საქმეა“.
ტორგო (ტორგოს)- ჭრელი. იგივეა რაც „ჭერჭე“, „ტერტე“. „ტორგო კაბა მუკმოქუნს - ჭრელი კაბა მაცვია“.
უწურუ, უწურწურუ, უწურწუფუ - ქალწული, ქალიშვილი.
ქაბარკა - ხის საოჯახო ჭურჭლის (ჯამი, მურზგა, ჩაყვა, ნიგა, ბუყუნი, ხონჩა) დასამზადებელი ხელსაწყო. იგივეა რაც ფახი (ო. ქაჯაია, III, გვ. 92).
ქაფრა (ქაფრას) - ქოჩორი, გადატ. უყურადღებოდ დატოვება. - „ქაფრას ქაგმაუ - ქოჩორზე (თავზე) შემომევლოს“.
ქეჯვარობა - რელიგიური დღესასწაული, იცოდნენ სოფ. კურზუში (მარტვილის რ.) ო. ქაჯაიას ლექსიკონში შესულია „ქენჯერობის“ ფორმით (III, გვ. 132).
ქენჩი (ქენჩის) - ტყავის ქეჩი, ქურქი, თხის ან ცხვრის ბეწვიანი ტყავი, მეჯოგის მოსასხამი; ტყებიშ ქენჩი (ტყავის ქეჩი, ტყაპუჭი).
ღანკუე (ღანკუეს) - დაკლაკნილი, დაღვრაკნილი, მიხვეულ-მოხვეული. ღანკუე ღაი პატარა ღელეა ბანძაში (იხ. ი. კეკელია, 2007, გვ. 58).
ღვეშქერია (ღვეშქერიას) - შავგვრემანი. იგივეა, რაც ღვიშქალი (ო. ქაჯაია, III, გვ. 182).
ონთე (ონთეს) - ყვითელი. ო. ქაჯაიასთან დასახელებულია ვინთელი (III, გვ. 224)/
იმუ//უმუ (იმუს//უმუს) - უმეცარი, უჭკუო, ყრუ, ცუდმოუბარი, უკადრება, ცივი და მკაცრი, უხეში.
ყანავათი (ყანავათის) - სპეტაკი, ქათქათა, თეთრი. „ყანავათიჯგუა ძღაბი რე - ქათქათა, ფითქინა გოგოა“.
შემუხი, შემხი (შემუხის, შემხის) - ოთხკუთხა ფორმის, შინნაქსოვი შალისა ან ტყავისგან შეკერილი სამუხლე, რომელსაც მონადირე იყენებდა. მასზე მიკერებული იყო კანაფის ან შალის ზონარი, რომელსაც მუხლზე შემოიხვევდნენ. მთის ძნელადსავალ ადგილებში მონადირეს მოსალოდნელი ტრავმებისა და თოვლის ჩასვლისაგან იცავდა.
ჩამახია, იხ. შემუხი, შემხი.
ჩვაპი, ჩვაბი (ჩვაპის, ჩვაბის) - უვარგისი, უსუფთაო, ტალახიანი.
ჩოხაშ[ი] ბლუზა - ჩოხის ხალათი (блуза, რუს.), ახალუხის მსგავსი შინნაქსოვი შალის ხალათი, გრძელმკლავებიანი და მაღალსაყელოიანი, ნახევრად გულჩახსნილი. „ჩოხაშ(ი) ბლუზაშა ორტყაფუაფუდუ მონჭირელი - ჩოხის ხალათზე სარტყელი ჰქონდა მოჭერილი“.
ჩუჸური - რბილი, წყლით გაჯერებული მიწა. „ჩუ ჸური“ ადგილის სახელწოდებაა ზუგდიდის რაიონის სოფ. ნარაზენში.
ჩხალუა (ჩხალუას) - დაჭრა, ჭრილობის მიყენება. „ჯონჯო დუჩხალუ ხამუთ - სახეზე დანით ჭრილობა მიაყენა“.
ჩხაპუა (ჩხაპუას) - დახაზვა, დამახინჯება.
ჩხვართალი (ჩხვართალს) - ჩხრიალი. „წყურგილიშ ჩხვართალი ირჩქიედუ - წყაროს ჩხრიალი ისმოდა“.
ცურცუტი - არასერიოზული, მოლაყბე, მორატრატე. „ათეჯგურა ცურცუტიშ მაძირაფუ ვავორექ - ასეთი არასერიოზული ადამიანის მნახველი არა ვარ“.
წაკორტი - 1. წალკოტი, ბაღი, დასასვენებელი ადგილი. ტოპ. „წაკორტი“ (ბანძა, მარტვილის რ., იხ. ი. კეკელია, 2007, გვ. 56), 2. შემოღობილი ადგილი საქონლის საბალახოდ.
ჭენჭყოდუდიშ ოხვამერი - ჭეჭყოსთავის სალოცავი; რელიგიური რიტუალი, სრულდებოდა ანაკლიასა და ჭალადიდში. ნესტისა და ობის ღვთაების პატივსაცემად იმართებოდა. ხონჩას ირგვლივ შემოაკრავდნენ ანთებულ სანთლებს, შიგ ჩააწყობდნენ მრგვალ თაფლაკვერებს, საზედაშე ღვინოთი სავსე ჯამებს, ცხვრისა და მამლის ხორცს, მწვანილს და მწვანე ხის ტოტით ან სუროთი ხელდამშვენებულნი ჭაობის პირას ლოცულობდნენ. ჭაობში ღვინოსთან ერთად ცხვრისა და მამლის სისხლს მოასხურებდნენ, ჯამებს დაცლიდნენ, კვერებს მიირთმევდნენ და საფერხულო ცეკვას - „ხუჯიშ ოსხაპურს“ შეასრულებდნენ. „ღორონთ ხვამილი, ჭენჭყოთ ვადაშქვიდუა ქივანა, ქაპატიი კოს მუშ უგუნურობა - ღმერთო დალოცვილო, ჭენჭყოთი ნუ დაახრჩობ ქვეყანას, აპატიე კაცს მისი უგუნურობა“ (იხ. გ. ელიავა, 1995, გვ. 29).
ჭკვიჭკვი - ხის კოჟრი, კუნძი. 2. თავი. „ხუიშ ჭკვიჭკვი“ - მხალის თავი (თავთავი) შდრ. „ჭკვინჭკვი“ (ო. ქაჯაია, III, გვ. 482).
ხანჭურია - ჭრელი (შდრ. ტორგო).
ჭყაპი//ჭყეპი - მცირე სითხე. „ჩხოუ გეთოვჭყეპი, ჭვალუა მემიტუუ - ძროხა გამოვწველე, წველა მიმიტოვა“.
ხიმინწი, ხიმინწუა (ხიმინწის, ხიმინწუას) - გადასუფთავება, გადახვეტა, მოპრიალება. „რზენშა მასქური მოჸუნც დო ირფელც გეგნოხიმინწანც - დაბლობს ქარი მოჰყვება და ყველაფერს გადახვეტს (მოასუფთავებს)“ (იხ. გ. სოფია, 2001, გვ. 194).
ხინწუა (ხინწუას) - 1. გამოსუფთავება, გამოხვეტა. „წისქვირს ქირი გაგთოვხინწი - წისქვილში ფქვილი გამოვასუფთავე“. 2. ხინწუა - გადამალვა. „თაქ დააშუუ დო ეისამეთშა გეგნიხინწუ - აქ დააშავა და იერუსალიმში გაიხიზნა“.
ჯეჸებური - დარაჯი, ღამის გუშაგი.
ჯირღაფი - 1. კვრა, შეთხრა; 2. სქესობრივი აქტის დაკავება (შდრ. ხოდუა - ო. ქაჯაია, III, გვ. 566).

ლიტერატურა:
1. შ. ბერიძე, მეგრული (ივერიული) ენა, შესავალი და მასალები, წიგნი I, ნაკვეთი I, ტფ., 1920.2. გ. ელიავა, ძიებანი, 2, ქუთ., 1995.3. გ. ელიავა, მეგრულ-ქართული ლექსიკონი (მასალები), მარტვ., თბ., 1997.
4. ი. კეკელია, ბანძის ტოპონიმია, თბ., 2007.
5. ბ. კილანავა, 900 მეგრული სიტყვა, თბ., 1998.
6. გ. სოფია, ნანაში ნინაში ობირეში, ჟურნ. „აია“, 2001.
7. არნ. ჩიქობავა, ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი, ტფ., 1938.
8. პ. ჭარაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი, თბ., 1997.
9. დ. ფიფია, მეგრულ-ქართული სალექსიკონო მასალები, თბ., 1998.
10. ო. ქაჯაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი, ტ. I-III, თბ., 2001-2002. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი