უკან დაბრუნება
განცხადებები
თანაფა
15-04-2017, 23:33
ნანახია: 2648
გაუზიარე სტატია მეგობარს


თანაფა
თანაფა -ეჭვი არ არის, რომ თანაფა წარმართული დღესასწაულია, კერძოდ მთვარის ღვთაებისადმი მიძღვნილი დიდი  ზეიმი, მთელი ღამის გათენება. ღამის თევა - თანაფა. ეს ხდებოდა, ალბათ, ბუნების, ცოცხალი არსების გამოღვიძების დროს, გაზაფხულზე, როცა მთვარე გაივსებოდა, მთვარიან ღამეში, კვირა ღამით,  ორშაბათს - მთვარის დღეს (თუთაშხადღას)  ხვდებოდნენ  ზეიმით. უქმე დღე იყო ორშაბათი. აღსანიშნავია ,  რომ სამეგრელოში დღესაც ადევს ტაბუ ორშაბათობით საქმეზე წასვლას (ვაშინერს).
 მაშ, თანაფა, შესაძლოა თენება და აღვსება აღდგომის ძველისძველი ტერმინია. ახალმა რელიგიამ დღესასწაულიცა და მისი სახელიც გამოიყენა, ქართული წარმართულ სალოცავებში შევიდა და ახალი რწმენა შეიტანა, მაგრამ ენამ შეინარჩუნა ძველი.

ნოდარ წულეისკირი „ბრძოლა სატანასთან“ თბ. 1990 წ.გვ. 28.


თანაფა - აღდგომა, თენება, ღამისთევა.

თანაფაგეშქირატილი -აღდგომაჩამწარებული (წყევლის ფორმულა)
თანაფაგოთანელი -აღდგომის გათენება, ძალიან ბედნიერი.
თანაფაშ გეშქირატა - აღდგომის ჩამწარება; უდიდესი უბედურება.
თანაფაშ გოთანაფა - აღდგომის გათენება; უდიდესი ბედნიერება(გადატ.)
თანაფაშ გოტიბაფა - აღდგომის მადლი(გოიტიბუ თანაფაქ გწყალობდეს აღდგომა).
თანაფაშ მუშულა - აღდგომის გათენება, სადღესასწაულო განწყობა, გუნებაზე მოსვლა (გემშურთ თანაფაქ გუნებაზე მოვიდა, გაიხარა).
თანაფია - აღდგომელა.
ალიო ქობალია "მეგრული ლექსიკონი" თბ. 2010წ. გვ.312


   „ეფუთიდან  გამომდინარეობდა ასევე დღესასწაული „თანაფა“- ანალოგიური დღევანდელი ბრწყინვალე აღდგომა იესო ქრისტესი.“თანაფა“ იმართებოდა ყოველი გაზაფხულის გარკვეულ დღეს, ისევე როგორც დღეს,  ღებავდნენ კვერცხებს და ხვდებოდნენ დიდი ზეიმით. თანაფას აღნიშნავდნენ როგორც სიცოცხლის გაჩენის დღეს ქვეყანაში,  ე.ი. „თანაფა“ (გოთანაფა)-სიცოცხლის გაჩენის დღესასწაული.
     ძველი დროიდან (დღემდე  შენარჩუნებული) კოლხები ანდაზის სახით ლაპარაკობდნენ:
               
„აია რე, ბაია რე,  ბაიაშ  წორი  თანაფა  რე!“

შედარებითი თარგმანი შემდეგია: ქვეყანა აიაც არისო,  ბავშვებიც გვყავსო და მერმისში თანაფასაც (ახალ სიცოცხლეს) დაველოდებითო. „თანაფას“ დღესასწაული დღემდე იმართება სამეგრელოში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნავენ მას „როგორც ქრისტეს აღდგომის დღეს“. შინაარსობრივად  „სიცოცხლის გაჩენის დღე“ და „ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით“ გარკვეულ  წილად  უტოლდება ერთმანეთს.
  ამავე დროს,  „თანაფას“ დღესასწაულს, გამომდინარე ეფუთიდან აქვს უაღრესი მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ ეს დღესასწაული არის დასაბამის მაჩვენებელი. უფრო სწორად, სიცოცხლის დასაბამის აღსანიშნავი.
       მეგრული „თანაფა“ ქართულად ნიშნავს თენებას. ესე იგი „თანაფა“ (გოთანაფა)- „თენება“. მაგრამ, საინტერესოა: რატომ უკავშირდება  წარმართული „თანაფა“ („თენება“) ქრისტეს  აღდგომის  დღესასწაულს,  როგორც  სიცოცხლის  გაჩენას?
       მეგრული „თანაფა“ არ ნიშნავს, როგორც დღის (გათენებას), ასევე ღამის თევას და ასევე აღდგომასაც. ძველ ქართულში „აღდგომას“ რამდენიმე ტერმინი ჰქონდა: „ახუსება“ – „აღვსება“ („გალობანი აღვსებისანი“), „პასექი“, „ზატიკი“, „ვნება“, „კვირიკე“, უფრო გვიან - აღდგომა. პირდაპირ, უშუალო კავშირში ქრისტეს აღდგომასთან არც ერთი სიტყვა-ტერმინი არ გამომდინარეობს. ირიბად უკავშირდება, მაგალითად  ვნება,  ე.ი. ქრისტეს ტანჯვა,  დასჯა-ვნებაა სავარაუდო (ვნების კვირა), აღდგომაში კი ქრისტეს  მკვდრეთით  აღდგომა.
   „თანაფას“ მეტად შეედრება „აღვსება“, რადგან „თანაფას“ დღესასწაული ხდება გაზაფხულს მთვარის ავსების (გავსების) დღეს, და ე.ი. „თანაფას“ დღესასწაული ძველ კოლხეთში უკავშირდება  მთვარეს.  მეგრულად მთვარე არის „თუთა“ (თუ-თა) და ამ სიტყვის ბოლო ნაწილი შეადგენს „თანაფას“(თა-ნაფა) პირველ მარცვალს. სიტყვა „თუთა“ (მთვარე) ტოპონიმიკურად უკავშირდება მეგრულ სიტყვებს „სანთა“ (სათავე, საწყისი), „სინთე“ (სინათლე) და ამრიგად: „თუთა“-„სანთა“-„სინთე“-„თანაფა“.
  ივანე ჯავახიშვილი წერს: „სადაც  ქართველებს უცხოვრიათ, მთვარის თაყვანისცემის  კვალი შერჩენილა; ამის გამო მთვარის ვითარცა მთავარ-მეუფისა და ღვთაების თაყვანისცემა, ყველა ქართველი ტომის უძველეს რწმენად უნდა ჩაითვალოს“ (ქართველი ერის ისტორია, I, გვ.60). ქართულ  თქმულებებზე და რიტუალებზე დაკვირვებით ი. ჯავახიშვილი მიდის დასკვნამდე, რომ სწორედ ერთერთი ყველაზე მთავარი ღვთაების - მთვარისათვის გაწეული სამსახური გახლდათ ღამის თევა. ასეთ რიტუალს ადარებს ი.ჯავახიშვილი თეთრი გიორგობის ხატობას და დასავლეთ საქართველოში წმინდა გიორგის დღესასწაულებს. „ ამ დღესასწაულებში,- წერს ი. ჯავახიშვილი,-ღამის თევას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თეთრი გიორგობა მთვარის ხატობაა..“ ამასვე ამბობს ი. ჯავახიშვილი, როცა განიხილავს  წმინდა გიორგის დღეობას. „23 აპრილს აქ მთელი სამეგრელოდან მრავალზე  უმრავლესი მლოცავი ხალხი მოიყრის ხოლმე თავს. დღესასწაულის წინა დღეს ერთს სათნოებით და სიწმინდით განთქმულ მოხუცებულს ამოირჩევდნენ ხოლმე. მთელ ღამეს ეკლესიაში დასტოვედნენ. ის ღამე ლოცვაში და ოცნებაში უნდა გაეთენებინა“ ( ქართველი ერის ისტორია, I, გვ.56.)
   მოტანილ მაგალითებში საყურადღებოა, უპირველესად, მთვარის მნიშვნელობა. ისტორიულად და ზეპირსიტყვიერების  საფუძველზე გარკვეულია, რომ „თანაფას“, როგორც დღესასწაულს უძველესი  დროიდან ზეიმობდნენ კვირა დღეს და მთელი ღამის თევით ხვდებოდნენ ორშაბათის გათენებას. ორშაბათი მეგრულად არის „თუთაშხა“ (მთვარის დღე). „თუთაშხა“(მთვარის დღე) კოლხებისთვის უძველესი დროიდან ითვლებოდა ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც- „ოთუთაშხე“, „თუთაშხა ბედნიერი“, ე.ი ბედნიერი მთვარის დღე. მეცნიერულად უკვე დამტკიცებულია, რომ სრულყოფილი  ბიოლოგიური სიცოცხლე დედამიწაზე დაწყებულია მთვარის გამოჩენისას, და ამდენადაც, საგულისხმოა, კაცობრიობის  ან პირველყოფილ ადამიანთა გამოჩენაც. საერთო ანგარიშში „თანაფა“, როგორც „სიცოცხლის გამჩენი დღესასწაული“ , ამავე დროს გულისხმობს „მთვარის გაჩენის  დღესასწაულს“, ე.ი , იგივეა „ერჩქინა“ (დაბადება)-„ეფუთში“ აღწერილი ბიბლიის პირველი თავი.
 დადგენილად მიჩნეულია, რომ „თანაფა“ ძველთაძველი დღესასწაულია, კერძოდ, მთვარის ღვთაებისადმი მიძღვნილი , მთელი ღამის გათენება, ღამისთევა -„თანაფა“. ეს დღესასწაული იმართებოდა ყოველ წელს, ბუნების ცოცხალი არსების გამოღვიძების დროს, გაზაფხულზე, როცა მთვარე გაივსებოდა; მთვარიან ღამეში (კვირა ღამით) სანთლებს ანთებდნენ,  ლოცულობდნენ და ორშაბათს (მთვარის დღეს-თუთაშ დღას) ხვდებოდნენ ზეიმით. მაშასადამე, „თანაფა“ აღდგომის ძველთაძველი ტერმინია. ახალმა (დავიწყებულმა) რელიგიამ -ქრისტიანობამ დღესასწაულიცა და მისი სახელიც გამოყენა და განახლებული რწმენა შეიტანა, მაგრამ ენამ შეინარჩუნა ძველი შინაარსის სიტყვა-ტერმინი.“
ვლადიმერ ვახანია „კოლხეთ საქართველოს ეპოსი“ თბ. 2011 წ. გვ.56-60


თანაფა - 1. გოთანაფა - თენება - გათენება. 2. თანაფა - აღდგომა. ღუმა სერი ვოთანეთ დო დიბლახი - წუხელ ღამე ვათიე და ავად გავხდი. ბრელი ქირსე დო თანაფა ღორონთქ გოითანუას - მრავალი შობა და აღდგომა ღმერთმა მხიარულად გაგითენოს.
პეტრე ჭარაია "მეგრულ–ქართული ლექსიკონი". მარტვილი-თბილისი  1997  წ.  გვ.69


თანაფა - აღდგომა. გადატანით დიდი სიხარული. ენა ჩქიმოთ თანაფა რე (ეს ჩემთვის სიხარულია(აღდგომაა)).
გივი  ელიავა "მეგრულ–ქართული ლექსიკონი". მარტვილი-თბილისი  1997  წ.  გვ.170





საუბრობს ლიტერატორი - ზაალ ჯალაღონია

       ვებ.გვერდი : radioatinati.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი