უკან დაბრუნება
განცხადებები
ქალაქის კაცი - ინტერვიუ დანიელ მაღალაშვილთან
29-01-2017, 05:51
ნანახია: 2081
გაუზიარე სტატია მეგობარს


ფოთის გემთმშენებელი სარემონტო ქარხნის ყოფილი დირექტორი საქართველოს დამსახურებული ინჟინერი ერთ-ერთი პირველთაგანია იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეაობა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში განსაკუთრებული თვალსაჩინოებით წარმოაჩენდა ებრაელთა წვლილს საქართველოს საზოგადოებრივ-სამეურნეო ცხოვრებაში.
ჩემი სტუდენტობის წლების უახლოესი მეგობარი ფოთელი ფიზიკოსი დავით მირილაშვილი უკვე 45 წლის წინათ, ჩვენი გაცნობის პირველი დღეებიდან მიყვებოდა საინტერესო ამბებს ამ განსაკუთრებული პიროვნების შესახებ, რომელმაც სრულიად ახალგაზრდა ასაკში შეძლო გამხდარიყო ფოთის ებრაელთა ჯამაათის საამაყო კაცი და მისი ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი.საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ დანიელ მაღალიშვილი ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, ხოლო 1958 წელს 24 წლის ახალგაზრდა ინჟინერი სამუშაოდ დაუბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქს. 1994 წლის მარტში, ისრაელში ამოსვლამდე 36 წელი იმუშავა დანიელ მაღალაშვილმა ფოთში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე, ამ წლებიდან 25 წელი იგი იყო ფოთსა და მთელ რესპუბლიკაში ორი ცნობილი უმსხვილესი სამრეწველო ობიექტის: ჰიდრო-მანქანათმშენებლობისა და გემთმშენებელი ქარხნის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის წყალობით ორივე ეს საწარმო, როგორც რესპუბლიკური, ისე საერთო საკავშირო მასშტაბით სანიმუშო საწარმოებად ითვლებოდა. ქალაქ ფოთის ცხოვრების ყოველ სფეროში გასაკუთრებული დამსახურებისა და დიდი წვლილისათვის დანიელ მაღალაშვილს "ქალაქის კაცის" ზედმეტი სახელიც კი შეარქვეს ფოთელებმა.
დანიელ მაღალაშვილი იყო ერთ-ერთი იმ სამი ქართველი ებრაელიდან, რომლებიც თავის დროზე შეყვანილი იყვნენ რესპუბლიკის პარტიული ხელმძღვანელობის უმაღლეს ორგანოში-საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. მის გარდა ორი დანარჩენი იყვნენ რესპუბლიკისა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავჯდომარე რეფაელ (რაფო) ელიგულაშვილი და პოპულარული გაზეთის "სოფლის ცხოვრების" რედაქტორი მიხეილ დავითაშვილი. უკვე სიყრმის წლებიდან მოყოლებული დანიელ მაღალაშვილი იყო ამაყი ებრაელი. საოცარია, მაგრამ ფაქტია. მთელი მისი სამეურნეო და პარტიული თვალსაჩინო წარმატებების მიუხედავად, შეძლო მან თავისი ქალაქის პირობებში სრული ებრაული ცხოვრებით ცხოვრება. თავისი ცხოვრების არც-ერთ პერიოდში მას არ გაუწყვეტია კავშირი ფოთის ებრაელთა ჯამაათთან, სალოცავთან, ქალაქის თალმიდ-ხახმებთან. იგი ყოველთვის იყო თავისი მშობელი ხალხის შვილთა ფარი და იმედი, მათი ჭირისა და ლხინის მუდმივი მონაწილე, მათთვის მისაბაძი და საამაყო კაცი.
დანიელ მაღალაშვილის შესახებ არა ერთი ვრცელი სტატია და სხვა სახის პუბლიკაცია დაბეჭდილა წარსულში, როგორც რესპუბლიკური ასევე ქართველ-ებრაელთათვის გამომავალი პრესის ორგანოებში.
ამ პუბლიკაციებში ვრცლად და შთამბეჭდავადაა მოთხრობილი დანიელ მაღალაშვილის ცხოვრების პროფესიონალურ მხარეზე, ჩვენს სინამდვილეში მის გამორჩეულ კარიერაზე. წინამდებარე ინტერვიუში შევეცდებით წარმოვაჩინოთ მისი სამაგალითო ცხოვრების "ებრაული მხარე", მისი ორგანული კავშირი თავისი თემის ცხოვრებასთან და საქართველოს ებრაელთა ისტორიაში უკანასკნელ ორმოც წელიწადში მომხდარ ისტორიულ მოვლენებთან.
კითხვა: ფოთში მცხოვრები ებრაელთა ჯამაათის შესახებ, ქართველი ებრაელობისათვის მეტად მცირე რამაა ცნობილი. ეს ალბათ იმის გამოცაა, რომ ქუთაისის, ახალციხის, ცხინვალის, კულაშისა და საქართველოს სხვა ტრადიციული ებრაული დასახლებებისაგან განსხვავებით ფოთის ებრაელთა ისტორია საუკუნეებს არ ითვლის.
თქვენ სწორედ აქ, ამ ჯამაათში დაიბადეთ და დავაჟკაცდით! საიდან ხართ მოსული ბატონო დანიელ? გთხოვთ გვიამბოთ ოჯახზე სადაც თქვენ დაიბადეთ, ვინ იყვნენ თქვენი მშობლები და რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი.
იქნებ ამასთან მოგვითხროთ ფოთის ებრაელთა ჯამაათის შესახებაც, საიდან მოვიდნენ ისინი, რამდენი ებრაელი ცხოვრობდა ფოთში საქართველოდან ისრაელში ალიის დაწყებამდე?
პასუხი: ჩემი ბაბუის, დანიელ მაღალაშვილის ოჯახი, იმ ხუთი ოჯახის რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ფოთში ქართველი ებრაელობის ჯამაათის დაფუძნებას.
წარმოშობით ბაბუაჩემი ცხინვალიდან იყო. როდესაც დავინტერესდი გამეგო ფოთში მისი ჩამოსვლის მიზეზი, შევიტყვე რომ ბაბუაჩემი მოხელე კაცი იყო, ის საცხოვრებელი სახლების გადახურვის საქმეზე მუშაობდა.
ეს ის პერიოდი იყო როდესაც ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე გერმანული ტიპის სახლები შენდებოდა, რომელთა გადახურვა ხდებოდა სპეციალური თუნუქით. სწორედ აქ მონახა თურმე ბაბუაჩემმა თავისი სამუშაო ადგილი და ამის გამო მთელი თავისი ოჯახით გადმოსახლდა კიდეც ფოთში საცხოვრებლად. ეს მოხდა მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულში.
მამაჩემი შიმყონ(სიმონ) მაღალაშვილი თორის კარგად მცოდნე პიროვნება იყო. იგი ფოთში მცხოვრები სხვა ქართველი ებრაელების მსგავსად ვაჭრობის სისტემაში მუშაობდა და ამით არჩენდა ჩვენს მარავალრიცხოვან ოჯახს, რომელშიც მე და ჩემი დანარჩენი ექვსი და- ძმანი დავიზარდეთ.
დედა-ლიზა შამელაშვილი ბანძიდან იყო. იგი ქართველი ებრაელობის სხვა ქალების მსგავსად დიასახლისი იყო და ერთგულად ემსახურებოდა თავის ოჯახს.
ჩემი სიყმაწვილის წლებში ფოთში უკვე 200-მდე ქართველი ებრაელის ოჯახი ცხოვრობდა. ისინი ფოთში საცხოვრებლად ჩამოიყვანა ოჯახისათვის სარჩოს შოვნის აუცილებლობამ. ისინი ფოთში ჩამოვიდნენ სუჯუნიდან და ბანძიდან, ქუთაისიდან და ცხინვალიდან, კულაშიდან და სენაკიდან.
ეს ის დროა, როდესაც ქართველ ებრაელთა სალოცავებს საქართველოში კეტავდნენ და თალმიდ-ხახმებს იჭერდნენ.
მე ფოთის ქართველ ებრაელთა სალოცავის ერთ-ერთი ყველაზე მუდმივი მლოცველი ვიყავი. მორწმუნე ებრაულ ოჯახში გაზრდილ ახალგაზრდას, ადრინდელი ბავშვობის წლებიდან მიტაცებდა ჩვენი ხალხის გმირული და ტრაგიკული ისტორია, მე მიყვარდა ჩემი მრავალ- ტანჯული ხალხი და სალოცავში მისული თითქოს ვეძებდი ღმერთთან და მათთან უფრო მეტ სიახლოვეს. ჩემი ახალგაზრდობის წლებში მამა რამდენიმე წლით დაპატიმრებული იყო და მე ოჯახის უფროს შვილს თითქოს ოჯახის უფროსის მაგივრობაც უნდა გამეწია.
კითხვა: ცნობილია, რომ 1949 წელს თქვენმა ჯამაათმა ბაქოდან ხახამ ხაიმ მიხელაშვილი მოიწვია ფოთში სამუშაოდ. თუ შეგიძლიათ გვიამბოთ ამ საინტერესო პიროვნების შესახებ, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ფოთის ქართველი ებრაელობის სასულიერო საჯამაათო ცხოვრებაში, ის და მისი შვილები აბული და არონ მიხელაშვილები, რომლებმაც ხელი მოაწერეს 18 ქართელი ებრაელი ოჯახის საქვეყნოდ ცნობილ წერილს გახდნენ ფოთში მცხოვრები ქართველი ებრაელობის ისრაელში ამოსვლის პროცესის დაწყების პირველი მაუწყებელნი.
როგორ აღინიშნებოდა თქვენთან ებრაული ეროვნული დღესასწაულები, რომელი მათგანი გიყვარდათ თქვენ პირადად განსაკუთრებით?
პასუხი: ხახამ ხაიმ მიხელაშვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მე მიმაჩნია ჩემს მიერ განვლილი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენად. ამ პიროვნებამ სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა ფოთის ებრაელთა ჯამაათის სასულიერო ცხოვრების გაღრმავებაში. ის იყო ხაზანიც, შოხეტიც, მოჰელიც და სოფერ-სტამიც. ხახამ ხაიმი ძალზე ნიჭიერი და განათლებული პიროვნება ბრძანდბოდა.
თორის ღრმა ცოდნასთან ერთად, მას ფართო საერო განათლებაც ჰქონდა. მან კარაგად იცოდა ლაშონ ჰაკოდეში და ამის გამო მასთან მრავალი ახალგაზრდა სწავლობდა თორას. მე ვიყავი მისი ერთ-ერთი თალმითთაგანი. ამ დიდი ხახმის ფოთში ჩამოსახლება ისეთი მიმზიდველი გახდა, რომ ფოთის ქართველ-ებრაელთა ჯამაათი რამდენიმე წელიწადში ერთი-ორჯერ გაიზარდა.
ხახამ ხაიმს ახლო ურთიერთობა ჰქონდა დავით ბააზოვთან. ამ სიახლოვის წყალობით დავით ბააზოვი რამდენჯერმე იყო ფოთში და იდარაშა ჯამაათის წინაშე. ერთ-ერთ მის დარაშზე (ეს იყო 1946 წელს), მე 12 წლის ახალგაზრდამ პირველად ჩემს ცხოვრებაში მოვუსმინე დავით ბააზოვის გამოსვლას. მან იმდენად მგზნებარედ ილაპარაკა მეორე მსოფლიო ომში ჩვენი ხალხისა მიერ გადატანილ ტრაგედიაზე, რომ ამ დარაშის შემდეგ მთელი ღამე არ მძინებია.
ხახამ ხაიმს ნორმალური კავშირი ჰქონდა ფოთის ქალაქის ხელმძღვანელობასთან. მის სახელთანაა დაკავშირებული ებრაელთა სასაფლაოებისათვის დამატებითი ტერიტორიის გამოყოფა, სალოცავის რეკონსტრუქცია (გაფართოება), მიკვის აშენება და სხვა. საფესახო მაცას ჩვენი ჯამაათი ქუთაისიდან და გორიდან იმარაგებდა.ხახამ ხაიმი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს. ამიტომაც ბუნებრივი იყო ის გარემოება, რომ 18 ქართველი ებრაელი ოჯახის აგრერიგად გახმაურებული წერილის ხელმომწერთა შორის მისი და მისი ორი შვილის არონისა და ალბერტის (აბულის) ხელმოწერაცაა. ეჭვისგარეშეა რომ იმ დროისათვის ეს იყო დიდი გმირობის ტოლფასი. 1971 წლის აპრილის თვეში ხახამ ხაიმი თავის ოჯახთან ერთად ისრაელისაკენ გამოემგზავრა. არასოდეს დამავიწყდება, ამ დიდ რაბისთან ჩემი განშორების მომენტი. მასთან გამოსამშვიდობებლად სახლში მივედი, მე მას თვალებში ცრემლმომდგარმა ვუთხარი: ბატონო რაბი მე არასოდეს დამავიწყდება თქვენი დიდებული პიროვნება!
ამის შემდეგ დაიწყო ისრაელში მასიური ალია. 80-იანი წლებისათვის 600 ოჯახიდან 50-მდე ქართველი ებრაელის ოჯახი დარჩა ფოთში. ეს რიცხვი 30 ოჯახამდე შემცირდა 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში არეულობა და ძმათამკვლელი ომი დაიწყო.
ჩემს მიერ განვლილი ცხოვრების ერთ-ერთ საამაყო მოვლენად მიმაჩნია, რომ მიუხედავად ჩემს მიერ ქალაქში დაკავებული მაღალი სამეურნეო-პარტიული მდგომარეობისა, არასოდეს გამიწყვეტია კავშირი ფოთის ებრაელთა ჯამაათთან. არაფორმალურად წლების განმავლობაში, სალოცავის გამგეობის წევრადაც ვითვლებოდი. ისრაელში მომავალი არა ერთ ფოთელ ქართველ ოჯახს გავუწიე დიდი დახმარება, ისრაელში წამოსვლასთან დაკავშირებული მრავალი ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაში. მე მადლობელი ვარ ღმერთისა რომ საშუალება მომეცა ვყოფილიყავი ერთგული მფარველი და დამცველი გაჭირვებაში ჩავარდნილი ჩემი ქართველი ებრაელი ძმებისა ჩემი ცხოვრების მთელს მანძილზე.
ებრაული დღესასწაულებიდან განსაკუთრებით მიყვარდა მხიარული ფურიმი. მახსოვს მამაჩემი გამოგვიყვანდა ძმებს შეშის დასაჩეხად. შეშის ჩეხისას ჩვენ ერთდროულად ვიძახოდით ხმამაღლა: ამან, ამან!
დავაჟკაცების შემდეგ დღემდე ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელი ებრაული კაი დღე იყო ფესახი. ჩვენს ოჯახში მთელი ჩვენი სანათესაოსათვის იმართებოდა აგადის კითხვა. ჩემს სახლში ეს ტრადიცია არასოდეს მოშლილა.
კითხვა: ბატონო დანიელ! თქვენი სამაგალითო. თქვენი ცხოვრების მაგალითი მრავალმხრივაა საყურადღებო და სამაგალითო. სიცოცხლეში მოხდა ჩვენი თემის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყველაზე დიდი მოვლენა: საქართველოში მცხოვრები ებრაელობის უდიდესი უმრავლესობა დაუბრუნდა მამა-პაპათა ისტორიულ ქვეყანას. რას იტყოდით თქვენ ამ დიდ მოვლენაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი თემის ცხოვრებაში.
პასუხი: ქართველი ებრაელობის ერეც-ისრაელში დაბრუნება უდიდესი მოვლენაა. მიუხედავად იმისა რომ თვით რეპატრიაცია რთული და მეტად მტკივნეული პროცესია, დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს მისი დიდი სიკეთე. მადლობა უნდა ვუბოძოთ გამჩენ ღმერთს, რომ მან ისმინა უპირველეს ყოვლისა ჩვენი წინაპრების ლოცვა-კურთხევა და სწორედ მათი მადლით ჩვენს თაობას ეღირსა თავის ისტორიულ სამშობლოში ცხოვრება. ისრაელის ქვეყნაში, რომელსაც სულ მალე თავისი არსებობის 60 წელი შეუსრულდება ყველა პირობაა ებრაელი ერის წინსვლისა და განვითარებისათვის.
მე მჯერა რომ ჩვენი დიდი ღმერთის შემწეობით ისრაელში დამკვიდრდება მუდმივი მშვიდობა, რაც ებრაელ ხალხს მოუტანს მრავალ ბედნიერებასა და წინსვლას.
კითხვა: უკვე მესამე წელია, რაც ჩვენმა თემმა უდიდესი დანაკლისი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და პოპულარული პიროვნება, მთელი ქართველ- ებრაელთა თემის დიდი სულიერი მოძღვარი, ხახამ რეფაელ ელაშვილი. რა შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენს შეხვედრებზე ამ ისტორიულ პიროვნებასთან.
პასუხი: ხახამ რეფაელ ელაშვილი ჩემი თაობის კაცი იყო. ერთი ასაკის ვიყავით. პირველად ის ფოთში გავიცანი. 22-23 წლის სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ხახამში ტრაგიკული შემთხვევისას გარდაცვლილი იოსებ ბათაშვილის დაკრძალვაზე დარაშს ამბობდა. სიტუაცია მეტად მძიმე იყო. გარდაცვლილი 30 წლისაც არ იქნებოდა, თანაც იგი ახალი დაცოლშვილებული იყო. ამ დროს ფოთელი სტუდენტები საგამოცდო სესიის არდადეგებზე იყვნენ ჩამოსულები და განურჩევლად ეროვნებისა ესწრებოდნენ ამ სამწუხარო ცერემონიას.
ხახამ რეფაელმა თავისი გამჭრიახი გონებით, მჭერმეტყველებით მოხიბლა ყველა იქ მყოფი, განსაკუთრებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქართველი ახალგაზრდობა.
ჩვენი შემდგომი შეხვედრა მოხდა გორში, სადაც იგი იმ ხანებში ხაზნად მსახურობდა. ჩვენ მეტად ხანგრძლივად ვისაუბრეთ ებრაელთა ცხოვრების პრობლემებზე იმდროინდელ საქართველოში. იუხედავად იმისა რომ ამ შეხვედრის შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა დღემდე მეამაყება, რომ მართლაც ამ ბრძენ ადამიანთან მეტად საინტერესო საუბრის მონაწილე ვიყავი.
ჩემი ისრაელში ჩამოსვლის შემდეგ ბედნიერება მქონდა მასთან არაერთი შეხვედრისა. ის ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ სიყრმის მეგობრები ვიყავით. ხახამ რეფაელმა სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა ქართველ ებრაელთა სულიერი წინამძღოლის სახელი და ასეთად დარჩება იგი მარად.
კითხვა: თქვენ ქვეყანაში მიღებული ზოგიერთი კრიტერიუმის მიხედვით, ჩვენ ჯერ კიდევ ახალ ჩამოსულთა კატეგორიას მივეკუთვნებით. ისრაელში თქვენი და თქვენი ოჯახის ამოსვლა მოხდა სრულიად განსხვავებულ პირობებში, საქართველოდან ისრაელში ჩვენი თემის ძირითადი მასის ამოსვლის პირობებთან შედარებით.
და მაინც მინდა გკითხოთ რას იტყოდით ქართველ ებრაელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისრაელში, რას ფიქრობთ ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის საქმიანობის შესახებ?
პასუხი: ქართველ ებრაელობის საზოგადოებრივი ცხოვრება ისრაელში სასურველია უფრო გააქტიურდეს. რამდენიმე წლის უკან მას მეტი დატვირთვით წარმართავდა ესა თუ ის გაერთიანება. განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი ახალგაზრდობის ჩაბმა კულტურულ ღონისძიებებში. სწორედ ამის გამო შეიმჩნევა მათი დაშორება ჩვენი თემის ცხოვრებისა და ურთიერთობებისაგან. არადა მათ ადაპტაციას, საქმიანობას, წარმატებებს საინფორმაციო საშუალებებით გაშუქება-განზოგადოება ესაჭიროება.
ახლა კი, რაც შეეხება ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესს. თვით ფაქტი ამ ორგანიზაციის შექმნისა უაღრესად პროგრესიული და მისასალმებელია. როგორც ყოველი ახალი ორგანიზაციიდან კონგრესიდანაც უფრო მეტს მოველოდით, რაც უთუოდ საქმიანი კამათის საგანია. მიმაჩნია, რომ კონგრესმა ძირითადად კარგად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მივალეობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაზე იდეალურად მოფიქრებული პროგრამის განხორციელება უპირველესად ფინანსებზეა დამოკიდებული, ხოლო კონგრესის საქმიანობის ბიუჯეტი მხოლოდ კონგრესის ხელმძღვანელობის ქველმოქმედებას ემყარება, ასეთ პირობებში ძნელია პრეტენზიული იყო ამ ორგანიზაციის მიმართ. რა თქმა უნდა მუშაობის ორგანიზატორულ დონეს, შემსრულებელთა ნიჭსა და უნარს, უდიდესი მნისვნელობა აქვს და ამ მხრივ სასურველია უფრო კვალიფიციური კადრებით აპარატის დაკომპლექტება. ბევრი ღონისძიება შესაძლებელია განხორციელდეს შედარებით ნაკლები დანახარჯებით და მეტი ეფექტიანობით. გარკვეული წილი საქმიანობისა ალბათ უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივ საწყისებზე, აქტივისტების გამოყენებით და ა.შ. ამ მხრივ რეზერვები საკმაოდაა.
აუცილებელია მოგვარდეს კონგრესის საინფორმაციო სამსახურის საქმიანობა. ამ მხრივ საქმეს ვერ უშველის თვეში ერთხელ გამომავალი “მოამბე”. საჭიროა ფართო ფორმატიანი გაზეთი, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ქართველ ებრაელთა თემის ცხოვრების ღრმაშინაარსიანი გაშუქება, მთელი ისრაელის ტერიტორიაზე მიმოფანტული ოჯახების გაცნობა, მათი კონსოლიდაციის გარკვეულ წილად მიღწევა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. კონგრესის მუშაობის გაშუქებას თავისი ადგილი უნდა დაუთმოს რადიო ტელევიზიამ. არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ კონგრესის მოღვაწეობა გარკვეულ საინფორმაციო ვაკუუმშია მოქცეული.
კითხვა: მინდა მოგილოცოთ ბატონო დანიელ! რამდენიმე დღის წინ მეორე შვილთაშვილი შეგეძინათ. ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა გთხოვოთ გვიამბოთ თქვენი ოჯახის შესახებ.
პასუხი: 24 წლის ასაკში დავოჯახდი. მეუღლე ლამარა გერმანული ენის სპეციალისტია. იგი დიდხანს მუშაობდა განათლების სისტემაში, შემდეგ კი მთელი თავისი ცოდნა და ენერგია შვილების აღზრდას მოახმარა. ჩვენი შვილების წარმატებაში მისი დამსახურება მეტად დიდია. ორივე ვაჯმა საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ამრიგად ჩვენს ოჯახში სამი ოქროს მედალია, რაც იშვიათი შემთხვევაა. მათ სამედიცინო განათლება მიიღეს. უფროსი ვაჟი დავითი, ამჟამად ტელ-ჰაშომერის საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების უფროსის მოადგილეა, ხოლო მალხაზი-თვალის სამკურნალო საკუთარი კლინიკის მფლობელია ხულონში. ქალიშვილი ირმა ინგლისური ენის სპეციალისტია და ექსპორტ-იმპორტის საკითხებს განაგებს თელ-ავივის ერთ-ერთ მსხვილ ფირმაში. სიძე-ნოდარ ორენი ექიმი თერაპევტია. იგი თელ-ავივის ერთ-ერთი კუპათ-ხოლიმის უფროსად მუშაობს. მყავს ხუთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი . უფროსი შვილიშვილი- ლანა ბარ-ილანის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, თან სადოქტოროზე მუშაობს. მე მეამაყება რომ ჩემი შვილები ისრაელის ქვეყნის მშენებლები არიან.
ინტერვიუზე მინაწერი: უკვე 13 წელია წელგამართული დააბიჯებს ისრაელის მიწაზე დანიელ მაღალაშვილი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ებრაელობის ერთ-ერთ ყველაზე ღვაწლმოსილი და წარმატებული პიროვენება, თავისი "ქალაქის კაცი" და მშენებელი ქართველთა ქვეყნისა. დღეს იგი სიამაყით უყურებს თავის შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებიც ჩვენი თაობის ცხოვრებაში მომხდარი სასწაულის წყალობით მისი მშობელი ებრაელი ხალხის წყალობით ქვეყნის-ერეც ისრაელის მშენებლები გახდნენ. დანიელ მაღალაშვილს , დღესაც , ისევე როგორც თავისი ცხოვრების მთელ მანძილზე აინტერესებს და აღელვებს თავისი ხალხის, მისი მშობელი ქართველ-ებრაელთა თემის ცხოვრების ავ-კარგი. ფოთიდან კი დღესაც მოდის დანიელის სახელზე მისი თანამოქალაქეებისაგან გამოგზავნილი დიდი სიყვარულისა და დაფასების გამომხატველი წერილები: "თქვენს გვერდით გატარებული ყოველი წუთი, ჩემთვის ტკბილად მოსაგონარია. არაჩვეულებრივად კეთილი და თანამდგომი უთქმელად იგებდით ყველას სატკივარს. თქვენს გვერდით ყოფნა ჩემთვის ცხოვრების დიდი სკოლა იყო. თქვენგან ვისწავლე ყველა ის სიკეთე, კაცურ-კაცობის მადლი რომ მაგრძნობინა." "ვინ იცის, კიდევ რამდენი კარგი რამის გაკეთება შეგიძლიათ. თქვენი ძლიერი და ნათელი გონება შეუძლებელია და წარმოუდგენელი ასპარეზის გარეშე. ჩვენ მუდამ გვახსოვხართ და გვიყვარხართ... აფერუმ თქვენს კაცურ კაცობას, რა სიყვარული მოგიმკიათ..."

წყარო:georgianjews.org
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი