უკან დაბრუნება
განცხადებები
„კოლექტივი ერთი დიდი ოჯახია“
24-07-2017, 01:13
ნანახია: 1488
გაუზიარე სტატია მეგობარს



 რუბრიკის დღევანდელი სტუმარი გამორჩეულად წიგნიერი, პოეზიის დიდი ტრფიალი და უპირველესად, ნამდვილი ქართველია, რომელიც უღრმეს პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს. ქართველ ქალს და არ ემატება, ყოველივე ეს შეეწიროს ცივილიზაციის მახვილს, გაითქვიფოს ქვეყნის ევროპიზაციასა და ამერიკანიზაციაში, ამიტომაც კოლექტივზე საუბრისას მთელი აქცენტი ამ თემაზე გვქონდა გადატანილი. მისი საყვარელი პოეტები არიან მუხრან მაჭავარიანი, იეთიმ-გურჯი, ნოდარ ჯალაღონია, შანდორ  პეტეფი. მათი ლექსები არა მარტო ზეპირად იცის, არამედ მხატვრული კითხვის შესანიშნავი ოსტატიც გამოდგა.  ბატონ აკაკი შეროზიასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. ფოთის ჰიდრომექანიზმების მანქანათმშენებელ ქარხანაში მუშაობისას ამ ენამახვილი, იუმორით მდიდარი კაცის შემოსვლა ნებისმიერ განყოფილებაში მხიარულებასა და სიცილს იწვევდა. ამიტომაც იყო იგი ყველასათვის ახლობელი და საყვარელი.   ქარხანაში  1952 წელს მოვედი მაშინ იგი შედარებით პატარა იყო, მაგრამ  მაშინაც ძლიერი საინჟინრო პოტენციალით გამოირჩეოდა . პროდუქცია მარტივი იყო. გახსოვთ ალბათ, სარწყავი  აპარატები რომ მზადდებოდა, მერე რა ხელმძღვანელები გვყავდა! ანდრო ცომაია, გრიშა ცხადაია. ვალოდია კეშელავა, დანიელ მაღალაშვილი, კიმი ჩიქოვანი, ჯემალ თოფურია, გიზო ხარჩილავა. ხედავთ? შვიდ დირექტორთან ვმუშაობდი. მიკვირს, დღეს რომ ხშირად მესმის დირექტორს ვერ შევეწყვეო, კაცო, დირექტორს შენ უნდა შეეწყო, თორემ დირექტორი ერთი კაცია, იგი როგორ შეძლებს ასეულ ადამიანს  მოერგოს. მე ყველა დირექტორთან კარგად ვიყავი იმიტომ, რომ ჩემს მოვალეობას ხუთიანზე ვასრულებდი. მზა პროდუქციის საამქროს უფროსი  ვიყავი ანუ მზა პროდუქციას ვაბარებდი, მისი დემონტაჟი, შეფუთვა, ყუთებში ჩაწყობა, ვაგონებში ჩატვირთვა, გაგზავნა და მისი უსაფერთხოება მე უნდა უზრუნველმეყო. არ მახსოვს ქარხანას ჩემი სამსახურის მიზეზით  რეკლამაცია მიეღო. თუმცა  ერთი შემთხვევა  მახსენდება: ხის ყუთებს (ე.წ. ტარას) ჩვენი ქარხნის მე-3 საამქრო ამზადებდა, თურმე ერთი ლურსმანი შიგა მხრიდან მუშას გადაუღუნავი დარჩენია. ადგილზე ჩასვლისას იქაურ მუშას  ყუთის დაცლის დროს ხელი შემთხვევით მიუხევია, ჰოდა, მოხდა ჭრილობის გართულება და იგი დაინვალიდდა, ჩვენი ქარხანა უხდიდა პენსიას. ასეთი წესრიგი იყო.   წესრიგი და დისციპლინა დღეს ყველგან მოიშალა, არც პასუხისმგებლობას გრძნობს ვინმე. თუმცა ბევრი  მახინჯი გადახრაც იყო.  განსაკუთრებით ჩვენი სწრაფი „გარუსება“. ქარხანაში ძალიან ბევრი რუსი სპეციალისტი იყო თათბირებს  დირექტორი რუსულად ატარებდა. რა დამავიწყებს ბატონ ვალოდია კეშელავას სიტყვებს: როდის იქნება თათბირს ქართულად რომ ჩავატარებო, მოდით ბიჭებო, ბევრი მოდითო (ქართველ სპეციალისტებს გულისხმობდა).
   აქ გული არ უთმენს და თავის საუბარს პოეზიით „აზავებს“: „თუ მსურდეს სხვა რამ, ღმერთმა  დამლახვროს, მსურს მხოლოდ იგი რაც საბას სურდა, კაცმა ქართველმა მსურს ქართულად ილაპარაკოს და საქართველოს საქართველო მსურს ერქვას მუდამ!“ მახსოვს ტყვიასავით გვეშინოდა სიტყვა: „ნაციონალისტის“, არა და, კაცო, გვიან გავიგე მისი ანდამატი, იგი ერის და სამშობლოს სიყვარული ყოფილა. ქარხანა ერთი მთლიანი ორგანიზმი იყო, ძლიერი ინჟინრული პოტენციალით, შესანიშნავი ეკონომისტების, ფინანსისტების, სამეურნეო მუშაკების დიდი სამჭედლო. ყველანი ერთმანეთის ჭირითა და ლხინით ვცხოვრობდით. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ბატონ დანიელ მაღალაშვილის დიდ ღვაწლს. იგი სულითა და გულით ნამდვილი ქართველი იყო, მის დროს განსაკუთრებით შეიკრა კოლექტივი, თავად იყო საოცრად თბილი და მოყვარული და ამ სიყვარულით „დაგვაავადა“.
   სამეგობრო წრეც გვქონდა: მე, ნოდარ მიქაბერიძე, ვასო ჯანჯღავა, ადოლი ცომაია, შუქური ერგაია, ხაზბი სანაკოევი, ემზარ მილორავა, ემზარ გაბედავა.
  როცა გვიანობამდე გვიწევდა მუშაობა, ხშირად წავუქეიფებდით. იცი, თამადას დითირამბებს რომ ვუძღვნით, ყველაზე კარგს ვადარებთ, ჰოდა  ერთხელ ნოდარ მიქაბერიძეს ვადღეგრძელებ და ვეუბნები: შენ ჩვენი მაკარენკო ხარ-მეთქი, გაგიგია კაცო, მარტო ფოთელებს გვყავდა  კორიფე პედაგოგები: პორფილე ბარამიძე, თინა ჭოჭუა, პიმენ ნაცვლიშვილი ქეთო კვაჭაძე, მარუსა მურვანიძე და იმდენად „ტვინ გადაბრუნებულნი“. ვიყავით, ვიღაც უთვისტომო მაკარენკოს უფრო წინ ვაყენებდით. გვიან გაიღვიძა ქართველში ეროვნულმა ცნობიერებამ.
  მე სამოცდაათი წლის კაცი ვარ, ტრადიციების ტრფიალი, მიჭირს არა ვთქვა, რაც გულს მტკენს, ომის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები ქალაქში თავს ვიყრიდით. თავისივე ხელით შეკრებილ ჩითის კაბებში გამოწყობილ ულამაზეს ქართველ გოგონებს ვეტრფოდით... სად არის დღეს ეს ამაღლებული გრძნობა?! ჩვენი ახალგაზრდობა გოგონებს აღარ უცქერის.  მეცოდებიან გოგონები, ალბათ ვაჟის „ხარბი“ მზერა მოაკლდათ და ამ  მზერის  მისაქცევად გაშიშვლდნენ. ქართველმა ქალმა უნდა შეუნახოს ერს ტრადიციები. ვინ მოგვცა ჩვენ გადასაგვარებელი ქართველი ქალი. ქარხანაში ფართო მოხმარებისსაამქროში, სადაც უმრავლესობა ქალები იყვნენ, ასეთი პლაკატი იყო გაკრული: „ქართველო ქალო! დიდება  შენდა, შენ ხარ ცხოვრების მზე და გვირგვინი!“ დიახ! ამიტომ არ მსურს დემოკრატიას, თავისუფლებას შევწიროთ ყველაზე მთავარი... კდემამოსილება ქართველ ქალისა. მახსოვს ერთი ჩემზე უფროსი კაცის ნათქვამი, ყველაფერს ვაკეთებდი, ქალის კოჭისათვის  რომ მომეკრა თვალიო. მე კი ავტობუსის გაჩერებასთან ვყოვნდებოდი, ქალის მუხლისათვის რომ მომეკრა თვალი. დღეს რენტგენი არ არის საჭირო, ამიტომ გულით გევედრებით, ქართველო ქალებო!  გადაარჩინეთ ერი და ტრადიციები!  ბევრი ძალიან ბევრი რამ მინდა ვთქვა. განა ერთი საგაზეთო წერილი ეყოფა, რომ მოვეფერო ჩემს ქარხნელ მეგობრებს, მოვიგონო წასულები, მოვესიყვარულო და ვურჩიო ახალგაზრდობას.  მე დღესაც თვალი ქარხნისკენ მაქვს მიპყრობილი, მისი დღევანდელობა ჩემი საფიქრალია, მისი მიღწევა სიხარული.  იგი ოჯახივითაა.  მინდა ჩვენი ახალგაზრდობა ამაღლებული სულის იყოს. სიყვარულს ჰქონდეს  ის ხიბლი, რაც ძველად ჰქონდა. გავუფრთხილდეთ თავისუფლებას და ყველაფერს ქართულს.
 ბატონმა აკაკიმ ბოლო სიტყვა ლექსად მითხრა:
„სალოცავ ხატად ორი რამ მინდა,
თავისუფლება და ტრფობა წმინდა,
ყველა ოცნება ამისრულდება,
თუ სიყვარული გულს მიქცევს ფერფლად;
მაგრამ თუ მომთხოვს თავისუფლება,
თვით სიყვარულსაც შევწირავ მსხვერპლად“.
  ვშორდები ბატონ აკაკის და მომყვება ამ შესანიშნავი ფოთელის მიერ მხატვრულად წაკითხულ ლექსთა მუსიკა, სადიდებელი ჰიმნი სამშობლოს სიყვარულისა, ქართული ტრადიციებისა და უპირველესად ქართველი ქალისა.

გაზეთი  „ფოთი და ფოთელები“ ივნისი 2002 წ. გვ. 6
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი