უკან დაბრუნება
განცხადებები
ტრიუმფით მსოფლიოს გზებზე
24-07-2017, 00:51
ნანახია: 1650
გაუზიარე სტატია მეგობარს




  მსოფლიოს ცივილიზაციამ კაცობრიობას შემოუნახა შვიდი კლასიკური საოცრება, რომლებიც ლეგენდის სახით გადმოეცემა საუკენეთა ქარავანს.   ქართველი ხალხის გენიამ უხსოვარი დროიდან შექმნა ულამაზესი ცეკვები, რომლებიც აღფრთოვანებით აღიარა ჩვენი პლანეტის ხუთივე კონტინენტმა.  ქართული ცეკვა მსოფლიოს მოევლინა როგორც მერვე  სასწაული..
  ქართული ცეკვების საწყისები უხსოვარ დროში უნდა ვეძებოთ . იგი სათავეს უშორეს წარსულში, რამდენიმე  ათასწლეულის მიღმა, პრექართული დიდი კულტურის საწყისებთან იღებს, ძველი მსოფლიოს ხალხების: ძველეგვიპტელთა, ებრაელთა ბერძენთა, რომაელთა და ინდოელთა საკაცობრიო კულტურის საგანძურში შესული ცეკვებისაგან ქართული ცეკვა თავისებური პლასტიკით განსხვავდება. იგი ხასიათდება სისწრაფით, მიმიკით, თავდაჭერით, ჰარმონიული მოძრაობებით, რომლებსაც ხშირად თან ახლავს შეძახილები ან სიმღერა ტაშით.
  ქართული ცეკვების ღრმა მეცნიერული შესწავლა მიგვანიშნებს მათ რელიგიურ0სარიტუალო ხასიათზე, მაგალითად, ქართული სამსართულა ფერხული მზის სიმბოლიკის დემონსტრაციაა, თორმეტკაციანი ფერხული-წელიწადის თორმეტი თვის სიმბოლო.
  დროთა განმავლობაში ცეკვებიც იცვლიდნენ სახეს. ცნობილია ასამდე ქართული ცეკვა, როგორც ცალკე სააზროვნო ელემენტი, გამორჩეული ცეცხლოვანი ტემპით, განსაცვიფრებელი. განუმეორებელი, როგორც ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი, თვითმყოფადი, მდიდარი კულტურა.
  ქართული ეროვნული ცეკვები ძირეულად განსხვავდება სახელგანთქმული რუსულ - სლავური ქორეოგრაფიისაგან, აგრეთვე ისეთი ძვ. ხალხური ცეკვებისაგან, როგორიცაა მაგ: ანდალუზიური ბოლერო, იტალიური ტარანტელა. ესპანური  ხაბანერა, პოლონური მაზურკა, ჩეხური  პოლკა, ფრანგული ფარანდოლა.. ამ ცეკვებთან ქართულ ცეკვებს მხოლოდ ერთი ძირითადი ნიშანდობლივი თვისება - ხალხურობა აერთიანებს.
  ქართული ცეკვები თეატრალიზებული გახადეს, კლასიკური ბალეტის სიმაღლემდე აიყვანეს საქართველოს ხალხური ცეკვების დამსახურებული ანსამბლის ხელმძღვანელებმა, სახალხო არტისტებმა ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა.
  საქართველოს ხალხური ცეკვის დამსახურებულმა ანსამბლმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მთელმა მსოფლიომ უკვე აღიარა „ქართული ბალეტი“, როგორც შინაარსიანი, დარბაისლური, რაინდული, განსაცვიფრებელი სანახაობა.
  მოვიტანთ  მხოლოდ „ერთ წვეთს“ მსოფლიო სხვადასხვა სახელმწიფოს პრესის რეცენზიებისა და გამოძახილების მთელი „ოკეანიდან“.
  „ქართული ცეკვის ტრიუმფი“, „უცნაური სცენები ფინეთის ნაპირებზე“, „დამაბრმავებელი სანახაობა“, „ქართველებმა დაიპყრეს კოპენჰაგენი“, „ქართველებმა შელეწეს სამეფო თეატრის კარი“, „არნახული აღფრთოვანება!“ , „ქართული ბალეტი-მოვლენა!“ „უნგრეთს ამის მსგავსი არაფერი უნახავს“,  „აჰ, რა ლამაზნი არიან ქართველები. „ქართველებთან ერთად ცეკვავს ყველა. „ფანტასტიკა! ცეცხლი! ელექტრობა!“. „მსოფლიო საუკეთესო მოცეკვავეთა ზღაპრული ფურორი“.  „არ გაუშვათ შესაძლებლობა ქართველების ნახვისა“
  ამ ანსამბლმა შორს გაუთქვა სახელი ქართულ-ქორეოგრაფიულ კულტურას. „თავისი საოცარი ხელოვნებით ქართველებმა  გააკვირვეს თვით ყველაზე გულგრილი  მაყურებელი!“.
  „მხატვრული ცეკვის ყველაზე ცნობილი ანსამბლებიც კი სირცხვილით უნდა იწვოდნენ მიუღწეველი დინამიკისა და მოძრაობათა ამ ჯადოსნური სიზუსტის  შემდეგ“... „როდესაც ვხედავთ ქართველ ვირტუოზებს ცერებზე, ჩვენ უნდა ვილოცოთ!“.
  მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტია დააბიჯებს მწვანე პლანეტაზე  ქართული ბალეტი და იპყრობს მსოფლიოს ხალხთა გულებს, აახლოებს ადამიანებს და უქმნის შეხედულებას საქართველოზე, როგორც დიდი ისტორიისა და ხელოვნების სამშობლოზე.

გაზეთი  „ფოთი და  ფოთელები“  აპრილი 2002 წელი გვ2
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი