უკან დაბრუნება
განცხადებები
პედაგოგებად იბადებიან...
16-07-2017, 23:13
ნანახია: 1619
გაუზიარე სტატია მეგობარს



  ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმრები, მართლაც, ბედის რჩეულები არიან,ოჯახის ყველა წევრს ყველაზე მშვენიერი პროფესია აქვს... პედაგოგი, თანაც მამაკაცები... ისტორიკოსები არიან, ქალები კი..ფიზიკოსები.  ოჯახში განათლებულობას საოცარ პატივს სცემენ. ამიტომაც საოცარი ხიბლი აქვს ამ წიგნიერ ადამიანებთან ურთიერთობას, ასე რომ, ჩემს მცირე პრეამბულას, ამჯერად, ძველსპარსული სიბრძნით დავასრულებ.
  „სწავლისგან გამდიდრება სიმდიდრეზედ უმდიდრესია“.
     
ძველ ელინთა შთამომავალი, გეორგიანელთა ისტორიის მსახური

 ძველი ფოლიანტები გვიყვებიან: ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, როცა ვაჭრობა აღებ-მიცემობა გაცხოველდა და მრავალი ბერძენი უახლოესი მეზობელი ქვეყნებისაკენ  ახალი ცხოვრების დასაწყებად დაიძრა. ერთ-ერთი  ბერძენი  ვაჭარი,  ვინმე  ანტონ სამურკასი, ყულევში ჩამოსულა; იქ მეგრელი ქალი მოსწონებია, ოჯახიც შეუქმნია და გამრავლებულან  სამურკასები. დროს, ქართული მიწის ანდამატსა და ქართულ შთამომავლობას თავისი გაუტანია,  ელინელი გაქართველებულა და როცა შექმნილა  „საშიშროება“ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისა, ხსნა გვარისათვის ბერძნული ჟღერადობის შეცვლაში უპოვია, ასე გადაქცეულან სამურკასები სამურკასოვებად.  სწორედ მათი შთამომავალია ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი, პედაგოგია ოჯახის თავი ბატონი ზაურ  სამურკასოვი. იგი ყულევში დაიბადა და გაიზარდა. მისი მამა ნოე სამურკასოვიც ისტორიის სპეციალისტი ყოფილა. ყულევის სკოლაში ისტორიასაც ასწავლიდა და სასწავლო ნაწილის გამგედაც უმუშავია. როცა ქვეყანას გაუჭირდა, წიგნი ფარაჯით შეცვალა და ომის ქარ-ცეცხლს შეერია...უგზო-უკვლოდ დაიკარგა . ალბათ, ყველა შინმოუსვლელის საფლავი ბატონ ზაურს თავისი ახალგაზრდა მამის საფლავს აგონებდა და არ ასვენებდა ერთი ეჭვი,..იქნებ...  გადიოდა წლები. მამის  სიყვარული მისი პროფესიისადმი სიყვარულით გამოხატა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანი პატარა ფოთის სკოლაში იმუშავა ისტორიის მასწავლებლად, მოგვიანებით კი მშობლიურ სკოლაში, სადაც მამა სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ბატონი ზაური დირექტორად დაინიშნა.  ეს ბედის ქორონიკონის ახალი  თავფურცელი იყო, რამეთუ ამ სკოლას უნდა მოვლენოდა „ქალიშვილი ფაზისიდან“, რომელმაც არა მარტო სიყვარულის, არამედ ერთი პატარა კოლხური ქალაქის „მარადიულ ტყვედ“ აქცია.  დირექტორისა და ახალგაზრდა მასწავლებლის სიყვარული ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. ქალ-ვაჟიანობა ყულევში იზეიმეს. ოჯახი გაიზარდა. მეუღლემაც უკვე ვეღარ გაუძლო მშობლიური ქალაქის გარეშე ყოფას და... 1975 წელს საცხოვრებლად ფოთში გადმოვიდნენ, ბატონი ზაური ჯერ პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში მუშაობდა აღმზრდელად, შემდეგ ისტორიის მასწავლებლად. ერთწლიანი „ადაპტაციის“ შემდეგ იგი სასწავლებლიდან ჯერ პარტიის საქალაქო კომიტეტში გადაიყვანეს ინსტრუქტორად, შემდეგ განათლების განყოფილებაში. 1976  წელს კი მე-10 სკოლის დირექტორად დაინიშნა. სადაც იგი მძიმე ავადმყოფობამდე მუშაობდა.  შეუძლებელია ამ შესანიშნავ პიროვნებაზე  მხოლოდ ასეთი მშრალი, პროფესიული მონახაზი გააკეთო და ორიოდე მაინც არ აღნიშნო, რომ იგი საოცარი ნაზავია მომთხოვნელობისა და მიმტევებლობისა, ერთდროულად არის მკაცრიც და კეთილი ხელმძღვანელიც, ამასთან  ზედმიწევნით წიგნიერი და საამო მოსაუბრე, ახალგაზრდობის დიდი მოყვარული და დიდი პატივისმცემელი, შრომისმოყვარეობის დამფასაბელი. ამიტომაც უვართ ფოთელებს, მე არ შემხვედრია ფოთში ადამიანი, ამ პიროვნების დასახასიათებლად სიტყვა „შესანიშნავზე“ ნაკლები ეპითეტი რომ ეხმაროს.

   „სადაც არის ბედი შენი“...

  შესანიშნავი მათემატიკოსების, პეტრე მიმინოშვილისა და მარგო დუნდუას საყვარელი მოსწავლე იყო. ამიტომაც შეიყვარა ქალბატონმა გალინამაც ფიზიკა-მათემატიკა. უკვე მერხზე, როცა ფორმულებს ლამაზად აწიკწიკებდა, იცოდა ვინც უნდა გამხდარიყო.  1964 წელს დაამთავრად მე-7 სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში. დამთავრების შემდეგ,  ბედისწერის  კარნახით ფოთელი გოგონა ყულევში გაანაწილეს. პირველი შეხვედრა სკოლის ახალგაზრდა ხელმძღვანელთან, პირველი გაკვეთილი და ალბათ ხელმძღვანელის თვალში დაჭერილი მრავლისმთქმელი მზერა წარუშლელად დარჩა ახალგაზრდა მასწავლებლის მეხსიერებაში. ასე შეიქმნა დირექტორ-მასწავლებლის ლამაზი ოჯახი და აკვანიც დაირწა. ფოთში გადმოსვლის შემდეგ ქალბატონი გალინას ოცნებაც ახდა...იგი მშობლიურ სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი გახდა. შემდეგ იყო ახალგაზრდა, პერსპექტიული, საოცრად კომუნიკაბელური პიროვნების წარმოჩენა და.. იგი დღეს ქალაქის მე-11 სკოლის დირექტორია.  მისთვის სკოლა მეორე ოჯახზე მეტია, შესანიშნავი მასწავლებელი, კოლეგა და ხელმძღვანელია. ამასთან საოცრად მშვიდი, მდგრადი ხასიათისაა, ხმის აუმაღლებლად რომ აგვარებს საქმეს და არც თუ ცუდად. დღეს ბევრ სკოლას უჭირს, განუკითხაობის წლებმა თავისი ქნა. სკოლას რემონტი ჭირდებოდა ქალბატონი გალინაც ელოდა... თავის რიგს, ყოველი გაკეთებული კარი თუ ფანჯარა, შეღებილი კედელი თუ იატაკი მისი სიხარულის მიზეზია.  „ ახლაც მიხარია, ქალაქის ახალმა ხელმძღვანელმა დახმარება აღმითქვა, სპორტული დარბაზისა და ლინოლეუმის საკითხს მოგიგვარებო“-მითხრა ქალბატონმა გალინამ. ღმერთმა ხელი მოუმართოს!

    ტრადიცია გრძელდება!

  კობა  ექვსი წლისაც არ იყო 1977 წელს სკოლაში რომ შეიყვანეს, თექვსმეტი წლისამ დაამთავრა  სკოლა წარჩინებით, ხოლო 1994 წელს ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ასევე წარჩინებით. პირველპროფილურ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თვალს ვადევნებ ამ ოჯახის წევრთა ბედს და გაოცებაში მოვყავარ საოცარ დამთხვევებს. კობა სკოლის მოსწავლეებს ამზადებდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბისათვის. სწორედ აქ მიაქცია ყურადღება ცისფერთვალა, ფერიასავით გოგონას ნინო მარგალიტაძეს. ბევრი აღარ უფიქრია, დაამთავრა თუ არა ნინომ სკოლა და სტუდენტობაც იზეიმა, დასტაცეს ხელი და ასე გახდა ნინო სამურკასოვების ლამაზი ოჯახის წევრი და მშვენიერი ქართველი ვაჟკაცის მეუღლე.
 კობა შესანიშნავი მეგობარი, მამა და მეუღლეა. ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ... დღევანდელი ამბიციური ახალგაზრდებისაგან განსხვავებით პოლიტიკას არ სწყალობს და შეგნებულად არ ეკარება. ორი ლამაზი ქალიშვილის მამა პირდაპირი, ამასთანავე ბოლომდე ერთგული მეგობარია.
   ეკა - როგორც უკვე აღვნიშნე, სამურკასოვების  ოჯახში ქალები ფიზიკოსები არიან.  თუმცა ეკა დედასავით მშვიდი არა  ჩანს, იგი მოძრავია. ცოცხალი. აკი ამიტომაც იყო მუდამ აქტივისტი.  სწავლობდა რკინიგზის მე-16 სკოლაში და იყო უცვლელი კომკავშირის მდივანი. სწავლა ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ფიზიკის სპეციალობით. დამთავრების შემდეგ ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო მოღვაწეობა  მეორე გიმნაზიაში, სადაც ასწავლის დღემდე.
   დიდი ხანი არაა, რაც ეკამ ოჯახი შექმნა, თანაკლასელის ქორწილზე „შეხვედრილმა“ თანაკლასელმა როგორც ჩანს „სხვა თვალით“ შეხედა და უეცრადა აღმოაჩინა, რომ სწორედ ეკა უყვარდა. ამ აღმოჩენას 10  წელი დასჭირდა.
  ნინო -  სამურკასოვების შეძენილ ქალიშვილზე, ამ მართლაც ფერიასავით ლამაზ ახალგაზრდა ქალზე არ შეიძლება ორიოდე სიტყვა მაინც არ ვთქვათ, მითუმეტეს, რომ ისიც პედაგოგია დინასტიის „ერთგული“ წევრია. როგორც გითხარით, მარგალიტაძეების ეს მარგალიტი ისტორიის მასწავლებელმა „წაჰგვარა“.
 ნინო ჟურნალისტიკაზე სწავლობდა, მაგრამ ოჯახის ტრადიცია რომ განეგრძო საბუთები „დაწყებითებზე“ გადაიტანა. თუმცა, ჯერ მასწავლებლობისათვის სად სცალია, ორ ლამაზ პატარას, იქნებ მომავალ პედაგოგებსაც, უზრდის ამ შესანიშნავ ოჯახს და ქვეყანას...

 გაზეთი „ფოთი და ფოთელები“ მაისი 2002 წელი გვ. 3.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი