უკან დაბრუნება
განცხადებები
ჩემი ბავშვური ოცნებები
27-05-2017, 20:48
ნანახია: 1449
გაუზიარე სტატია მეგობარს



დალი თორდინავა

  ქალბატონ ლამარა ნოდიას ფოთელთა წინაშე  წარდგენა არ სჭირდება. ქალაქის ყოფილი არქიტექტორის ნაღვაწი თაობებს დარჩება, ესეც რომ არა, განვლილი ცხოვრების გზაზე ვინ მოთვლის, რამდენი სიკეთე უთესია, თუმცა პირადად მას არც ახსოვს. „სიკეთეს დამახსოვრება არ უნდა, ის თავად ხსოვნააო’’,- თქვა მან საუბარში  და ამ ერთმა პატარა ფრაზამ წარმოაჩინა კიდეც მისი პიროვნების მახასიათებელი მთავარი შტრიხი.  ვსხედვართ მის პატარა, მყუდრო ოთახში, სადაც წიგნები მეფობენ, მის განუყრელ მეგობარ ქალბატონ ნათელა რუხაძესთან ერთად და ვიგონებთ.  ძველი, გაცოცხლებული, ფერშეუცვლელი მოგონებები საოცარი სინაზით, სითბოთი და კვლავ განცდილი სიხარულით ასხივოსნებს მათ დღესაც ახალგაზრდულად მოციმციმე თვალებს. მოგონებების სამყაროში.  როცა ქალბატონმა ნათელამ გაიგო, ქალბატონ ლამარაზე საგაზეთო წერილს ვამზადებდით, გაიხარა, მეც შენთან ერთად მოვდივარო, - მითხრა, თანაც კულუარებში ,,დაფაცურებულმა’’ და პოეტ და ჟურალისტ თენგიზ რამიშვილისათვის ექსპრომტად ლექსიც „გამოუცხობინებია’’.  ჩვენ პირველ გამომქვეყნებლის უფლებით გაზეთის ფურცლებიდან ვუძღვნით  ამ ლექსს ქალბატონ  ლამარას. 

სიცოცხლის ხე
       ლამარა ნოდიას  

სიცოცხლის ხე ტანჯვის ხეა                    
ხეა.მუდამ ტკივილებით სავსე                                                                                      
ხან ზეცამდის  აგვამაღლებს,                                                                                
ხან სამსალას ჯამით გვასმევს;                                                                          
ხან გვეფრქვევა სალბუნებად                                                                      
ცივ ნიავსაც არ გვაკარებს,                                                                  
ხანაც კიდევ უიმედოდ                                                                                        
მოგვიხურავს ცხვირწინ კარებს.                                                          
ეჰ,რამდენი გაზაფხული                                                                                              
ფარჩის კაბად გაგვფენია,                                                              
ოცნება და სიხარული                                                                                                    
ხელებს შუა გაგვფენია...                                                            
თაფლის სანთლად აგვინთია
ქვეყნის სასიკეთო გული,                                                                                                                                                              სიყვარული გვითესია,
მართლაც დიდი სიყვარულით.  
სიცოცხლის ხე ტანჯვის ხეა
ხეა.მუდამ ტკივილებით სავსე      
ხან ზეცამდის აგვამაღლებს,                                                                                                                                                                ხან სამსალას ჯამით გვასმევს;
                    თენგიზ რამიშვილი

   მე ამ ლექსიდან ყველაზე ნიშანდობლივს ამოვკრებ და შევეცები, ამ სიტყვებით წარმოგიდგინოთ ეს მართლაც ქალაქზე გულის-გულით შეყვარებული ქალბატონი.
„სიყვარული გვითესია  მართლაც დიდი სიყვარულით“.

  გოგონა კუნძულის უბნის ერთ ჩვეულებრივ, კეთილი და უბრალო ხალხით დასახლებულ ქუჩაზე იზრდებოდა. როგორც ყველა ბავშვი,ისიც აგებდა ზღვის სველი ქვიშისაგან ზღაპრულ ქალაქს და ოცნებობდა: მე  მშენებელი ვიქნები და ლამაზ ფოთს ავაშენებო“. იტყვიან, ბავშვის ოცნებები მაგიურიაო და... ეს პატარა შავგრემანი, „კიკინებიანი“ გოგონა მართლაც  გამოვიდა მშენებლობის დიდ  სარბიელზე და კვარცხლბეკსაც დაეუფლა.  
  - მახარებს, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს ქალაქს ბევრი რამ შეემატა: ორი ხიდი რიონზე, გზაგამტარი ხიდი რკინიგზაზე, მემორიალი მალთაყვაში, იკო ნიკოლაძის ძეგლი, სასტუმრო-პანსიონატი „აიეტი“. ეს დიდი, მასშტაბური რაც არის. სხვათაშორის, არ იყო ადვილი პერიფერიული ქალაქებისათვის სასურველის მიღწევა. და მეც „ვიბრძოდი“. თბილისში, მშენებლობის სამინისტროში ყველა მიცნობდა როგორც შემტევს,მომთხოვნს და ჯიუტსაც (კარგი გაგებით), რამეთუ ჩემსას მაინც გავიტანდი. ამიტომ ხშირად იტყოდნენ: მიბაძეთ ლამარას, კარიდან რომ გავაგდებთ, ფანჯრიდან შემოდისო. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ნიკო ნიკოლაძის ძეგლის დასადგმელი ადგილის მოსაპოვებლად. ასევე იყო სასტუმრო „აიეტის“ აშენების დროსაც. არ შემიძლია არ გამოვყო ქალაქის ხელმძღვანელობისაგან ბატონი ნუგზარ საჯაია. იგი, მართლაც, ფოთზე შეყვარებული, სასიკეთო საქმეთა მქმნელად იყო მოვლენილი. პირველი პირის პრეტენზიით მას არასოდეს გადაუწყვეტია საქმე და უპირველესად ცენტრს კი  არა, სპეციალისტებს უთანხმებდა ამა თუ იმ საკითხს .ასე იყო „აიეტის“ ადგილის შერჩევისას. საერთოდ, იყო ჩემში რაღაც „ძალა“! ყველა წინააღმდეგობას გადავლახავდი და სასურველს მივაღწევდი - ამიტომაც იყო, ლამარას მეგობრები „ჩვენს ძმას“ ვეძახდით,-- ღიმილით ჩაერთო საუბარში  ქალბატონი ნათელა.  ქალბატონ ლამარას თავისი მოსაზრებები აქვს „დაპროექტებული“ და მესამედ გადასაკეთებელი  არხის (9 აპრილის სანაპიროზე) თაობაზე, ქალაქის წყალდამწრეტ არხთა სისტემაზე.
  ვუსმენ მის არგუმენტირებულ საუბარს ქალაქის პრობლემებზე და ვგრძნობ, რომ მისი გონება კვლავაც საყვარელ საქმესა და ქალაქს დასტრიალებს, მის უკეთეს მერმისზე ოცნებობს, მაგრამ...
 მე კი კიდევ ერთი  რამ მაინტერესებს: ლამარა ნოდია-ქალი, რომელსაც ყველა უყვარდა...
 - მე, მართლაც, ყველა და ყველაფერი მიყვარდა. იქნებ გაგეცინოთ და მე ჭიაც კი მიყვარს, რადგან ისიც ღვთის ქმნილებაა, ამიტომ გაზაფხულზე ნაწვიმარზე მიწას დავჩერებივარ ხოლმე, ფეხი რომ არ დავადგა.
 ქალბატონი ლამარა საოცარი შვილი, და და დეიდაა, ერთგული, თავდადებული, რისთვისაც „ნატვრის თვალი“ ხელებშუა გაფრენია.
 - ჩვენ ერთი აზრი, ერთი მიზანი გვქონდა, ვყოფილიყავით საიმედო საყრდენი ჩვენთის ძვირფასი ადამიანებისათვის.- თქვა  ქალბატონმა ნათელამ.
 ეს არის, ალბათ, სიყვრულით და ერთგულებით თავდავიწყება.
   P.S. მოვდივარ ქალბატონ ლამარასაგან სიყვარულისა და ერთგულების კლასიკური მაგალითის დანახვით გაოგნებული.
  აი, როგორი შეიძლება იყოს სიყვარული და ერთგულება საკუთარი „მე“-ს მსხვერპლშეწირვით.
გაზეთი „ფოთი და ფოთელები“   თებერვალი   2002 გვ2



скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი