უკან დაბრუნება
განცხადებები
ქართული საინჟინრო სკოლის სათავეებთან
16-05-2017, 00:08
ნანახია: 1341
გაუზიარე სტატია მეგობარს


  დალი თორდინავა

   მძლავრ ეკონომიკას, რომელიც განვითარებული ქვეყნის ქვაკუთხედია, არაფერი ისე არ სჭირდება, როგორც ძლიერი საინჟინრო სკოლა. საქართველო გამოირჩეოდა კიდეც ამ მხრივ იმ ერთიანი სივრციდან, სსრ კავშირად რომ იწოდებოდა.   ფოთში ძლიერი საინჟინრო სკოლა გასული საუკუნის 40-50-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა. უფრო ადრე კი, მე-20 საუკუნის ალიონზე ფოთში საინჟინრო კადრის მებაირახტრე იყვნენ ძმები: ივანე, ილია და ვალოდია ლაღიძეები. სწორედ მათ ძლიერ ფესვზე იხარა ძლიერმა ტექნიკურმა ინტელიგენციამ.   ამ შესანიშნავი პიროვნებების, ნიჭიერი ინტელიგენტების და საზოგადო მოღვაწეთა აკვანი ფოთში დაირწა, ოჯახში ნიკოფორე ლაღიძისა, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ნავსადგურის მუშა გახლდათ.   მაშინ, როცა დღევანდელზე  უფრო მეტად უჭირდა ქვეყანას, ამ პატიოსანი მუშის ოჯახში 6 შვილი, 6 ინტელიგენტი აღიზარდა: ივანე, ილია, ვალოდია, ნიკო (დაიღუპა  სამამულო ომში), ანიკო და ვერიჩკა, ვფიქრობ, თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მათ დაიმსახურეს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ  ჩვენი ქალაქის, სრულიად საქართველოს ღირსეულ შვილებს.კაცი „ცოცხალი ენციკლოპედია“   ასე მოიხსენიებდნენ ბატონ ივანე (ვანიჩკა) ლაღიძეს ისინი, ვისაც ერთხელ მაინც უსაუბრია ამ შესანიშნავ ,  სიტყვაუხვ და ენაწყლიან პიროვნებასთან.
  სწორედ ვანიჩკამ,  მისმა შრომისმოყვარეობამ და ცოდნის შეძენის სურვილმა „გაუკვალა“ გზა და-ძმებს შეაყვარა წიგნი.
   შრომითი საქმიანობა ნავსადგურში დაიწყო, სწორედ აქ დაებადა სურვილი ტექნიკური განათლების შეძენისა. საერთოდ, ხატვა და ხაზვა ემარჯვებოდა , ამიტომაც აირჩია არქიტექტურა. განათლება მიღებული კვლავ მშობლიურ ნავსადგურს დაუბრუნდა და ბოლომდე მისი წინსვლისა და სრულყოფისათვის იღვწოდა.   იგი არა მარტო ერუდირებული ინჟინერი იყო, არამედ მშვენიერი მხატვარიც ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, რომელებიც დღესაც ამშვენებს მრავალრიცხოვანი შთამომავლობის ოჯახებს, ნიშნად დიდი წინაპრის ხსოვბისა.
   საინტერესო პიროვნების პირადი ცხოვრებაც საინტერესოა. ბატონი ვანიჩკა ორჯერ დაქორწინებულა. პირველი ცოლი ბერძნის ქალი ყოფილა, რომელმაც სამი ქალიშვილი აჩუქა. მეორედ 20 წლით უმცროსი რუსის გოგონა შეუყვარდა, ლამაზი ევდოკია ტამჩენკო. იქორწინა და კიდევ ორი ლამაზი ასულის დაბადება იზეიმა. დღეს ბატონი ივანეს უფროსი ქალიშვილები ცოცხლები აღარ არიან. ხოლო უმცროსები ოლგა და ელენა ფოთში ცხოვრობენ.
    ოლგა ტალიკაძე მეცნიერებათა კანდიდატია და ორი კარგი ქართველის- ანდროსა და შორენას დედა და ბედნიერი ბებია, უმცროსი ელენა კი, ღრმად მოხუც დედასთან ევდოკიასთან და ერთადერთ ვაჟთან ანდრო ლაღიძესთან ერთად მამისეულ სახლში ცხოვრობს. ელენესაც ტექნიკური განათლება აქვს მიღებული.
საქართველოს გვარის პატრიარქის 100 წლის იუბილე იზეიმა
   ილია ლაღიძის, ქართული ტექნიკური ინტელიგენციის ფავორიტის, სახელმწიფო მოღვაწის 100 წლის იუბილე ივნისში იზეიმა სრულიად საქართველომ. მშობლიური ფოთიც დედაქალაქთან ერთად ზეიმობდა დიდ იუბილეს ღირსეული შვილისა,  რომელმაც 100 წელი მუხლჩაუხრელი და დაუღალავი შრომისა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და განვითარებას შეალია.
   ბატონი ილია სამეურნეო საქმიანობის მაღალპროფესიული  სპეციალისტია. „კოლხიდმშენის“ ნიადაგებისა და წყლის რესურსების დაცვის სამსახურის ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორ-ხელმძღვანელი. იგი 1939 წლიდან ხელმძღვანელობდა ამ ურთულეს და მნიშვნელოვან ობიექტს. მისი ხელმძღვანელობით აიგო უნიკალური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და შეიქმნა საკომუნიკაციო ქსელი, ათასობით ჰექტარი მიწა გამოგლიჯეს ჭაობს. მისივე ხელმძღვანელობით დაიწყო დატბორვისაგან ფოთის დაცვა-გადარჩენის ღონისძიებები . ამ პერიოდში ბატონი ილია უკვე ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის  თავმჯდომარე გახლდათ. სამამულო ომის დაწყებისთანავე კი დაინიშნა სტრატეგიული ობიექტის - მერიის სამხედრო აეროპორტის მშენებლობის უფროსად. 1944 წელს საქართველოს წყალთმეურნეობის სახალხო კომისრად დაინიშნა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს  დაიწყო დამთავრდა ზემო სამგორის, მუხრანის, ტაშისკარისა და მრავალი სხვა სარწყავი სისტემის მშენებლობა. აშენდა სიონისა და თბილისის წყალსაცავები. დაიწყო ფართომასშტაბიანი სამუშაოები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მექანიზებული დაწვიმებით მორწყვისათვის.
   ბატონი ილია,თავისი მოღვაწეობის გარკვეულ პერიოდში, ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს საგეგმო კომიტეტს, საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სახემწიფო კომიტეტს. მანვე ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის კომიტეტს.
   1974 წლიდან ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და წყლის რესურსების გამოყენების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორია. ამჟამად, მხცოვანი მეცნიერი, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქნაპირდაცვაში“ მთავარი კონსულტანტია.
   ბატონი ილია ხალხთან, მეგობრებთან, ახალგაზრდობასთან, კოლეგებთან საოცრად უბრალო, გულთბილი და ყურადღებიანი ადამიანი გახლავთ, ურთიერთობაში დახვეწილი კულტურით გამორჩეული.
   ბატონ ილიას ორი ქალიშვილი ჰყავს ჰყავს ლიზა (გარდაცვლილია) და ნათელა.
    ნათელა ლაღიძე, ღირსეული გვარის  ღირსეული მატარებელი, ღრმად განათლებული ქალბატონია. იგი ამჟამად საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში მუშაობს.
უმცროსი ძმა. გვარის ერთადერთი გამგრძელებლის მამა
   არც ვალოდიამ „უღალატა“ ძმებს და ტექნიკური განათლება მიიღო. ისიც მელიორაციის საკითხებით დაინტერესდა. ძმები ერთად მსჯელობნენ ქალაქის პრობლემებზე, რომელიც მალარიის კერის უვნებელყოფას, დატბორვისგან ქალაქის დაცვას შეეხებოდა.
   შეძენილი ცოდნის, ძმებისგან მიღებული დიდი გამოცდილების რეალიზება ბატონმა ვალოდიამ ახალგაზრდა მელიორატორების აღზრდაში ჰპოვა.ჰიდრო-მელიორაციულ ტექნიკუმში მოღვაწემ მრავალი წელი შეალია ახალგაზრდა პროფესიონალთა აღზრდის საქმეს. მისი ხელმძღვანელობით ეუფლებოდნენ დაინტერესებული ახალგაზრდები მელიორაციის საფუძვლებს. იგი იყო შესანიშნავი აღმზრდელი, ყურაღებიანი და გულისხმიერი მეგობარი ახალგაზრდობისა, ამიტომაც ეპყრობოდნენ რიდითა და პატივისცემით. ამასთანავე, იყო შესანიშნავი მამა და მეუღლე, მეოჯახე მოცალეობის ჟამს რუდუნებით გახარებულ ხეხილს უვლიდა. ეზოში ფუსფუსებდა.
  ბატონი ვალოდიას ერთი ვაჟი იურა და ორი ქალიშვილი ივეტა და ნუნუ ჰყავდა. იურამ ჯერ სამხედრო საქმის დაუფლება ისურვა, მაგრამ პირველი კურსის დამთავრების შემდეგ დათმო არჩევანი და ისიც მამასავით ინჟინერი გახდა. ბატონი იურა ახლა ცოცხალი აღარაა. ჩვენ მისი ქვრივის ქალბატონ გენო ჩიჩუას სტუმრები ვართ. იგი პროფესიით მათემატიკოსა და პირველ გიმნაზიაში ასწავლის. სტუმრობის პირველი წუთებიდანვე ვხვდები, როგორ უფრთხილდებიან ოჯახში გვარის ფოტომატიანეს. იგი ხომ ისტორიის ფურცლებია, ცხოვრების საინტერესო დღეებს გვინახავს.
   ქალბატონ გენოს სამი ლამაზი ქალიშვილი ჰყავს, მანანა, ნინო და ვერიკო.
   მანანა ექიმია და ოჯახთან ერთად რუსეთში ცხოვრობს.
   ნინო ფიზიკოსია, ვერიკო იურისტი, ორთავენი ფოთში არიან დაოჯახებულნი. ხუთი შვილიშვილი ( მეექვსესაც ელოდებიან) ეზრდება. ამ დიდი ტრაიციების მემკვიდრე ოჯახს.
   როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ნიკოფორე ლაღიძეს ორი ქალიშვილი ჰყავდა: ანიჩკა და ვერიჩკა (ამჟამად ოჯახი  ხაშურში ცხოვრობს).
   ქალბატონი ანა ლაღიძე ფოთელთათვის საყვარელი, სამახსოვრო სახეა. კეთილღიმილიანი, დახვეწილი მანერების დიდი შინაგანი კულტურის ქალბატონი. ასე დაამახსოვრდათ იგი ფოთელებს. იგი გაზეთ „ახალი კოლხეთის“ რედაქციასა და ფოთის სტამბაში მთავარი ბუღალტერი იყო მისი მეუღლე. შესანიშნავი ქართველი გოგი ასანიძე- ფოთის პარტიის საქალაქო კომიტეტის მე-2 მდივანი იყო. დიდ სამამულო ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ქალბატონმა ანამ, მიუხედავად იმისა, რომ შვილი არ ჰყავდათ, ბოლომდე უერთგულა საყვარელ მეუღლეს.
  მახსენდება ჩემი  (და არა მარტო ჩემი საყვარელი მწერლის, ბატონ ნოდარ დუმბაძის გმირის ვაშალომიძის სიტყვები.... „მერე ჩვენ გვეყოლება ბევრი შვილი, შვილიშვილი... მერე ჩვენ გავმრავლდებით და მთელი სოფელი, მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით“... დიახ, დღეს მრავლად არიან ლაღიძეთა ჯანსაღ ფესვებზე ნახარები შთამომავალნი: ინჟინრები, ექიმები, პედაგოგები, ეკონომისტები და უპირველესად სულით ქართველები და ნამდვილი ინტელიგენტები. დაე, იმრავლონ!  ჩვენ  პატარა  ერი  ვართ  და სწორედ ინტელიგენტმა უნდა გადაგვარჩინოს.
გაზეთი „ფოთი და ფოთელები“ ივლისი 2002 წელი გვ.4
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი