უკან დაბრუნება
განცხადებები
ოდიშის სამთავრო ფაღავათა სათავადო
13-07-2016, 08:03
ნანახია: 2936
გაუზიარე სტატია მეგობარს


ფაღავათა საგვარეულოს შესახებ საქართველოს თავადთა და აზნაურთა გვარების „აღწერაში“ ვკითხულობთ: „ფაღავა... იყო ორბელიანთ გვარი, რ(ომე)ლიც მეფემან გარდაასახლა ოდიშში და იწოდებნენ ღავაშვილად წელსა 1271“ -სა. თვით ფაღავების გვარში დღემდე დაცული გადმოცემით კი, ისინი, თითქოს, უძველეს დროს ადიღედან მოსულან ოდიშში და აქ ბანძაში დამკვიდრებულან.
ამ ორი ცნობიდან რომელია სწორი, ძნელი სათქმელია. ორივე მეტად საეჭვოა. შეიძლება ფაღავები თავიდანვე ოდიშში მკვიდრობდნენ და ეს ცნობები ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული იყოს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფაღავა (მეგრული ფორმით ფაღუა!//ფაღავა// ფაღა) რამდენიმე მიაგავს ძველ ფეოდალურ გვარსახელ „ბაღუაშს“. ხომ არ არის ეს ორი გვარ სახელი ერთი და იმავე წარმოშობის? ან ხომ არ მომდინარეობს ფაღავები ბაღუაშთა რომელიმე შტოდან?
ვახუშტი ბატონიშვილი ფაღავას ერთიანი საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ დროინდელი ოდიშის ერთ-ერთ „უწარჩინებლეს“ გვარად ასახელებს.
დოკუმენტურ წყაროებში ფაღავათა საგვარეულოს წარმომადგენელი XVIIს. მეორე ნახევარზე ადრე არ ჩანს.
ფაღავების გვარის წამოწევა ოდიშში ახალი სამთავრო დინასტიის, ჩიქვანების გაბატონებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. იმ ბრძოლაში, რომლელსაც ჩიქვან - დადიანთა სახლი ოდიშის ძირძველ წარჩინებულ საგვარეულოებთან - ჭილაძე - გოშაძე - ქორთოძე - ჯაიანებთან აწარმოებდა, ფაღავები ჩიქვან - დადიანების მხარეზე არიან საგულისხმებელი: ჭილაძეების მიწა-წყალი ფაღავების სამფლობელოს ემიჯნებოდა. ამ ძლიერი თავადების მეზობლობა ფაღავებისათვის სახიფათო იყო. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, ჭილაძეთა დამარცხებით ფაღავები დაინტერესებული იყვნენ.
ფაღავათა საგვარეულოს ისტორიულოად ცნობილი ყველაზე ადრინდელი წარმომადგენელი ასპანა ფაღავა არის. იგი XVIIს. 70-იან წლებში იხსენიება კათალიკოს დავით ნემსაძის ერთ შეწირულობის წიგნში. ასპანას გულერის კარს საკათალიკოსო ყმები მიუტაცია, გაუყიდია და „დაუკარგავს“. კათალიკოსს ამის გამო მთავართან უჩივლია. ლევან III დადიანს ფაღავას „გარდასახადად“ კათალიკოსისათვის ხორაგს ინალუხუ ლეფონავა მიუცია.
ეს ასპანა არის უთუოდ გრიგოლ კათალიკოსის 1712 წ. „გარიგების“ წიგნში მოხსენიებული „ასმანა ფაღავა“. მაგრამ ამ დროს ის ცოცხალი არ უნდა იყოს.’
ასპანაზე ცოტა გვიან გვევლინება მისი თანამოგვარე ხუხუ I ფაღავა, რომელიც შეიძლება ასპანას ახლო ნათსავიც იყო.
ამ ხუხუს უმცროსი თანამედროვე ჩანს მისი სახლიკაცი ვახტანგი, რომელსაც მოწმედ ვხედავთ 1696 – 1742 წწ. შედგენილ ერთ უთარიღო საბუთში.
ხუხუ I იმ დროს მოღვაწეობს, როცა ოდიშის სამთავროს ფაქტიურად გიორგი ლიპარტიანი განაგებს (1681 – 1714წწ.), უკანასკნელთან ხუხუ ნათესაურადაა დაკავშირებული, ლიპარტიანი მას თავის „ერთგულს... სიძეს“ ეძახის. ამ ერთგულებისა და ნათესაობის გამო იყო, რომ ლიპარტიანმა ხუხუ ფაღავას უბოძა შხეფს „პარტახი სამოსახლო, ღელესა და ღელეს შუა... მისის მიწა - მამულითა და თავის „ მეციხოვნის სათხოვარისაგანაც“ გაათავისუფლა იგი.
ხუხუ არის ამ დროს ფაღავათა საგვარეულოს თავკაცი. ზემოხსენებული პარტახს გარდა, თავისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი მას გიორგი ლიპარტიანისაგან უნდა ჰქონდეს მიღებული. ფაღავათა სათავადოს ჩამოყალიბებაც სწორედ მის დროს, XVII საუკუნის მიწურულს თუ XVII – XVIII საუკუნეთა მიჯნაზეა სავარაუდებელი.
ფაღავების სამფლობელოში, მთლიანად თუ ნაწილობრივ, შემდეგი სოფლები შედიოდა. 1. ბანძა, 2. აბედათი, 3. ნახუნუ // ნახუნაო, 4. თარგამუ //თარგამეული (ნაწილობრივ), 5. ჯოლევი (ნაწილობრივ), 6. მუხურჩა.
ეს სოფლები ერთ მთლიან ტერიტორიას ჰქმნიდნენ, რომელსაც აღმოსავლეთით სოფ. ნაგებეროუ - ნაჯახოუ საზღვრავდა, დასავლეთით - ორქა, სამხრეთით - ონოღია და ჩრდილოეთით - სერგიეთი.
აღნიშნულ სოფლებს გარდა, ფაღავები, მეტ-ნაკლებად, ყმა - მამულს ფლობდნენ აგრეთვე ლეხაინდროს, ნაგვაზუს, სეფიეთს, ეკს, მოხაშს, უშაფათს, სუჯუნისა და ონოღიაში.
გვიანდელ, XIX საუკუნის მეორე ნახევრის, ცნობით, ფაღავების ყმათა საერთო რაოდენობა 800 კომლს უდრიდა, მათი ყმა-გლეხები იყვნენ: ფოჩხუები, ესვანჯიები, მაისაიები, რუსია, კონტუაძეები, პატარაიები, კეკელიები, ჯიქიები, კუპრავა, დარჯანიები, კაკულიები, ცანავები, სიგუები, ჯეჯელავები, კაჭარავები, კოკაიები, ქაჯაიები, დანელიები, სართანიები, ბახია, ურიდიები, ტაბაღუები, კორძახია, ფარცვანიები, ჩაბრავები, კუციები, შეროზია და სხვ.
ფაღავების აზნაურები იყვნენ გაბუნიები.
ფაღავების ყმები სამთავრო გადასახადებისაგან ნაწილობრივ თავისუფალი იყვნენ. 1838 წ. ცნობით, „საფაღაოდან“ დადიანის სასარგებლოდ მხოლოდ საური მოიკრიბა, საუდიერო მათ საყმოს უთუოდ არ მართებდა.;
ფაღავათა სათავადოს სამოხელეო აპარატის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით. გვხდება მხოლოდ მათი „ხელოსანი სიმონია პატარაია“
ფაღავების რეზინდეცია ბანძაში იყო. აქ იყო ე.წ „ფაღაოს სასახლე“ და კარის ეკლესია? მათვე ეკუთვნოდათ თარგამულის ციხე - სიმაგრე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციხე იმერთა მეფე სოლომონ I-მა „აიღო დიდის აშოვარით“ 1776 წ. 5 თებერვალს. ამ დროს მეფესა და ოდიშის მთავარს შორის კონფლიქტი იყო. მეფემ დალაშქრა ოდიში კაცია დადიანის დამორჩილების მიზნით და, თარგამულის გარდა, აიღო გორდის ციხეც. მაგრამ დადიანი მალე შეურიგდა მეფეს და თარგამულის ციხესაც ისევ ფაღავები დაეპატრონენ. ჩანს, ისინი თავიანთ ქონებას აქ ინახავდნენ. ამაზე მეტყველებს ის „დიდი ნაშოვარი“, რომელიც ამ ციხის აღებისას სოლომონს ჩაუვარდა ხელში.
საგვარეულო სასაფლაო ფაღავებს მთავარანგელოზის სახელზე აშენებულ ვედიდკარის (ბანძის ერთ-ერთი უბნის) ეკლესიაში ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ ფაღავათა საგვარეულოს წევრმა ხუხუ II-ემ XIX ს. დამდეგს ამ ეკლესიას „აუშენა“ მთავარ ანგელოზის ხატი ვერცხლისა მრავავალი „ძვირფასის ქვით შემკობილი“. ეს ხუხუ, როგორც ქვემოთ ვნახეთ, ხუხუ I-ის შვილიშვილია.
გიორგი ლიპარტიანის დროიდან დაწყებული ფაღავათა გვარის წარმომადგენელი განუწყვეტლივ ჩანს ოდიშის სამთავროს დიდებულ თავადთა შორის.
ხუხუ I-ის შემდეგ, თუ ნაწილობრივ მის დროსაც, ფაღავათა საგვარეულოში გამოირჩევიან პეპუნა და ეფთვუმი ფაღავები.
პეპუნა ოდიშის გარეთაც ცნობილი პირია, გიორგი ლიპარტიანთან ერთად, მოწმედ იხსენიება იმერთა მეფე ალექსანდრე IV-ის მიერ ბაკა იაშვილისათვის მიცემულ 1691-1995 წწ. „საფიცრის წიგნში“.
პეპუნა ცაიშელ ეპისკოპოსის მაქსიმე ციხისთავის შვილის (აგიაშვილის) სიძეა. გრიგოლ ლორთქიფანიძის კათალიკოსობაში (1696-1742 წწ.) პეპუნა, თავის თანამეცხედრე გუდიასთან ერთად, იერუსალიმს გამგზავრებულა და თავისი „სამკვიდრო ყმები“ ბიჭვინთის ღვთისმშობლისათვის შეუწირავს, იერუსალიმში წასვლა იმ დროს კვალობაზე იმდენად ღირსშესანიშნავი ფაქტი იყო, რომ გრიგოლ კათალიკოსი ამას საგანგებოდ აღნიშნაცს.
პაპუნას თანამოგვარე ეფთვიმი ფაღავას 1700 წ. ახლო ხანაში „სოფელ მთავარეპისკოპოსის“ კათედრა უჭირავს და დიდად ზრუნავს ხოფის მონასტრის ყმათა გამრავლებისათვის.
გიორგი ლიპარტიანის მემკვიდრის ბეჟან I-ის დადიანობაში (1714 -1728 წწ.) ვხედავთ შამადავლე ფაღავას. შამადავლე ფრიად დამსახურებული პირია. იგი მთავარის დარბაზის წევრთა შორის არის დასახელებული.
აღნიშნულ ხანში ფაღავათა საგვარეულოს ნათესაური კავშირი აქვს დამყარებული ჩიქვანების ძლიერი ფეოდალური გვარის ერთ შტოსთან. ფაღავას ასული როდამი „პატრონი“ გიორგი ჩიქვანის თანამეცხრედრეა.
ოტია და კაცია II დადიანების დროინდელი მოღვაწეა გიორგი ფაღავა, რომელიც, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ბესარიონ ერისთავის შვილის კათალიკოსობის პერიოდში (1742-1769) ერთ დროს „ხიზნად“ დგას ხობის მონასტერში.
1771 წ. ვხედავთ წახალისდა ფაღავასა და მის ძეს პეპეს, რომელთაც რაღაც დიდი ღვაწლი მიუძღვნით იმერთა მეფის სოლომონ I-ის წინაშე; შეიძლება ისინი მეფის მზვერავები იყვნენ ოდიშში და საჭირო ცნობებს აწვდიდნენ მას. მეფემაც „ერთგულად ნამსახური“ თავად ფაღავებს აღნიშნულ წელს ყმა-მამული უწყალობა ფარცხანაყანევს“.
გრიგოლ დადიანის (1788-1804 წწ.) სამთავრო კართან დაახლოებული ჩანს ზაალ ფაღავა. იგი ხშირად იხსენიება მთავრის „კარის მდგენი დიდებ-ულების შორის.
ეს ზაალი, სახლთუხუცეს გიორგი ჩიქვანთან ერთად, მთავრის „მამულის მომკითხველად“ არის მოხსენიებული აგრეთვე იმერთა მეფე სოლომონ II-სა და გრიგოლ დადიანს შორის დადებულ 1792 წ. 4 მაისის ხელშეკრულებაშიც.
ზაალ ფაღავა ზემოდასახელებულ ხუხუ I-ის შვილია. ზაალს გარდა, ხუხუს ორი ვაჟი ჰყოლია. მურძაყანი და კოჩა. მათგან მურძაყანს ოთხი ვაჟი ჰყავს: ხუხუ II (რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელმაც, როგორც ითქვა, XIX ს. დამდეგს ვედიდკარის ეკლესიას (ბანშაში) „აუშენა“ მთავარ-ანგელოზის ვერცხლის ხატი), ხიტუ, ბეჟანი და ვატა.
მურძაყანის ძმას ზაალსაც ოთხი შვილ ჰყავს: მანუჩარი გიკო, ტატი და ივანე. ხოლო კოჩას მხოლოდ ორი ვაჟი - ილარიონი და ლომკაცი.
ხუხუ I-ის შვილები და შვილიშვილები ყველა ერთად იხსენიება 1807 წ. ერთ „საუდაო წიგნში“.
XVIII ს. ბოლოს (1800 წ.) ჩანს ვახუშტი ფაღავა, ხოლო მომდევნო საუკუნის დამდეგს (1808წ.) - მისი სახლიკაცი გოგია. მაგრამ ამ საგვარეულოს რომელ შტოს ეკუთვნიან ისინი, არ ვიცით.
ხუხუ I-ის შვილისშვილებიდან სხვებზე უფრო ცნობილია ზაალის შვილი მანუჩარი. იგი ლევან V დადიანის კარზე მიღებული პირია. 1827 წ. დადიანმა უბოძა მანუჩარს „საკუთრად“ ბურჭულა ბახია თავისი ცოლშვილით“.
შეიძლება მანუჩარს ცოლი იყოს სოფიო გიორგი მაჩაბლის ასული. რომელსაც თავის ნამზითევი ყმები ჰყავს საჩხერეში და რომელიც 1821 წ. გრიგოლ წერეთლისათვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში თავის თავს თავად ფაღავას მეუღლედ ასახელებს.
დავით დადიანის დროს (1840-1853 წწ.) ვხვდებით მანუჩარის თანამოგვარე კაცია ფაღავას. იგი ფრიად მდიდარი თავადია: 1847 წ. მან თავის „საფასით“ გააჭედინა გაურკარის (ბანძის ერთ-ერთ უბნის) ეკლესიის წმინდა გიორგის ვერცხლის ხატი და „ცხრა ძვირფასი“ ქვით შეამკო იგი.
კაციას თანამეცხედრე იყო ზეფისშვილის ასული ელსაბედი.
მოგვარეობის გარდა რა ნათესაური კავშირი იყო კაციასა და ზემოთდასახელებულ მის სახლისკაცებს შორის, წყაროებიდან არ ჩანს.
დავით დადიანის დროსვე იხსენებიან და ფრიად დაწინაურებულებიც არიან დუტუ და გიგო ფაღავები. როცა დავით დადიანმა ოდიშში ახალი ადმინისტრაციული დანაწილება მიიღო და სამთავრო 9 მაზრად დაჰყო. მურის „მაზრის უფროსად“ (მეორე ხარისხის მდივანბეგად“) მან ერთ დროს დუტუ ფაღავა დანიშნა, ხოლო გიგოს საჭილაოს მაზრის „მდივანბეგობა“ მისცა. იგივე იყო „მენგრელიის უზენაეს სასამართლოს წევრიც.
ამავე დროს ვხედავთ ბათუ, დავით, ზურაბ, არჩილ, გახუ და სოლომონ ფაღავებს. მათგან უკანასკნელი სამნი „რიგის კაცები“ იყვნენ. ე.ი. მორიგეობდნენ მთავრის სასახლეში. ხოლო მთავარი თუ სადმე წავიდოდა, ესენი „თან ახლდნენ ცხენით თუ ფეხით“.
ერთ გვიანდელ (1855 წლის) დოკუმენტში გვხვდებიან აგრეთვე კონსტანტინე როსტომის ძე. ხახუ (რომელსაც, ბოროზდინის ცნობით, საკუთრად ჰყავდა 100 კომლამდე ყმა), ზემოთხსენებული ზურაბ, დათიკა და ბეჟან ფაღავები. 1857 წლის საბუთში კიდევ ვხვდებით ფაღავას ასულ გაიანეს, რომელიც „ბრწყინვალე: თავადის ყირიმ დადიშქელიანის თანამეცხედრეა.
ამგვარად, ფაღავების საგვარეულო აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ჩიქვან - დადიანების დროინდელ ოდიშის სამთავროს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ფაღავათა სათავადო XIX საუკუნის 20-30 -იან წლებში დაიშალა.

ჟურნალი „სამეგრელო“ 1.1-1.2 2012 წელი გვ.39-40
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი