ლხინი და ქორწილი » სამეგრელო
რეკლამა

მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

» » ლხინი და ქორწილი


ლხინი და ქორწილი

მირიან ჯალაღონია

„ძველი და ახლოწარსულის ტრადიციები“

უწინ ახალგაზრდების შეუღლება ხდებოდა უშუალოდ მაჭანკალის მეშვეობით. ის ირჩევდა წყვილს. იწყებოდა გაკითხვა-გამოკითხვა. შემდეგ იწყებოდა ერთმანეთის ნახვის (გინოძირაფაში) საკითხი. სასიძო მიჰყავდათ გოგოს სახლში, მას მიჰყავდა მამა ან ბიძა, ორი - სამი ძმაკაცი; მოსწონდათ თუ არ მოსწონდათ ერთმანეთი, პურმარილი მაინც იმართებოდა. მოწონების შემთხვევაში, სიძის მშობლები მოიწვევდნენ საპატარძლოს მშობლებს თავის სახლში. პასტარძლოს მშობლები, რასაკვირველია, მარდი მამაკაცები მიდიოდნენ დანიშნულ დღეს. ათვალიერებდნენ სასიძოს სახლ-კარს. აქ წყდებოდა მზითევის საკითხიც. გოგოს მშობლები თუ დარწმუნდებოდნენ, რომ სიძის სახლში პატარა საშუალება იყო, -გადაწყვეტდნენ საკითხს. ხანდახან გოგო-ბიჭები ერთმანეთს ირჩევდნენ სატირალში, ქორწილში, რელიგიურ დღესასწაულებში, ეკლესიაში, წავხვამუს ცეკვა-თამაშის დროს, მაგრამ აქაც მაჭანკალი აქტიურობდა და მშობელიც.
ზოგიერთი შემთხვევაში იჩაგრებოდა როგორც გოგო, ისე ბიჭიც, იყო შემთხვევა, როდესაც ობოლ გოგოს ათხოვებდნენ მოხუც კაცზე, ანდა ახალგაზრდა ბიჭს, მზითევის ხათრით, მოჰყავდა 10 წლით უფროსი.
ამიტომ არის ხალხური ლექსი „მარებელი’, რომლის ბოლო კუპლეტია:
„ათას მანათიქ იში გეთუ,
ცხენი ოჭკუმუ გერქია,
უკიბირე დედიბიქ,
ქაშმოსქიდ ხესია“.
აი როგორ უკმაყოფილებას გამოთქვამდა ბიჭი. XIX საუკუნეში, თურმე ქალიშვილების საქორწილო ასაკი 13 წლიდან, ხოლო მამაკაცებისათვის 30-35 წელიითვლებოდა, თუმცა, ეკლესია 16 წლამდე ჯვარს არ დაწერდა. ამას ნების აღება უნდოდა.
მახსოვს, ბებიაჩემის ნათქვამი, რომელსაც ბატონყმობა კარგად ახსოვდა, ამბობდა - ძველად გოგონებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ, რადგან ბატონს არ წაეყვანა მოსამსახურედო. თურმე, ერთ-ერთ სარაქონელმა მოიყვანა ცოლიო, რომელიც მეორე დღეს პერანგის ამარით თავის ტოლ გოგონებთან მგელობანას თამაშობდაო. ამიტომ იყო ლექსი:
„ვართ ღუმუში კეთება მიჩქ,
ვართ მიჩქ ქვირიში ცირუა,
ჯგირი დიანთილქ ქიმაშუდა
ირფელს ქიდიბგურუა“.
ვისაც მზითევი ჰქონდა, მათ რასაკვირველია, უპირატესობა ჰქონდათ. მზითევის სია იწერებოდა. მაგალითად, ცხენი, უნაგირი, ძროხა და სხვა პირუტყვი , ჭურჭლეული, თეთრეული; აუცილებელი იყო აგრეთვე ლანჭა და სპილენძის დოქი (თუნგი) და ტაშტი. ბოლოს მოდაში შემოვიდა საკერავი მანქანა. პატარძალმა, იცოდა თუ არ იცოდა ჭრა-კერვა, მაინც მიჰქონდა საკერავი მანქანა, ამიტომ იყო ხალხური ლექსიც:
ასეიანი ბარიშნემქ ეჩემეს მაშინა,
მაშინა მისთ ვაუღუნი შურს გილაკაშნა
მაშნა ირდიხას ზეპუ ზუგდიდის დო კახათის
ადამიანც აფუჭენს უყოთანც სახათის.
ართ დიხას ჟირ ძღაბეფი მაშნას ქიმკაბურსანდეს,
ქიგმაშინ ჩიჩიხიქ, მელე-მოლე ურთანდეს,
მაშნას ჩხურუ აფუნიადო
შქართუნც მუნაქუნაბდეს.
პატარძალს რომ მოიყვანდნენ, აუცილებლად სხვა სახელს დაარქმევდნენ, ჯვარი ეკლესიაში უნდა დაეწერათ, მაგრამ ეკლესიის გაუქმების შემდეგ ჯვარს თითქმის არც იწერდნენ და არც რეგისტრაციას აკეთებდნენ. ასევე პატარძალს უფლება არ ჰქონდა უფროსი მაზლის სახელი ეთქვა, მას „პატნს“ ეძახდა, ასევე ქმრის უფროს ბიძაშვილებსაც სხვა სახელს ეძახდა. ზოგიერთი მეუღლეები სახელს არ ეძახდნენ თავის ქმარს, უძახდნენ - „ვო სი“, ანდა „თი კოჩი“, „ჩქიმი ყაზახის“.
სიძე იშვიათად თუ მიდიოდა პატარძლის მოსაყვანად, მიდიოდა მამა, ბიძა ან სხვა ახლობელი, რათა პატარძალი ჩაებარებინათ. ხელი მომკიდედ (დადედ) სპეციალურად არჩევდნენ გამოცდილ ქალს. დადე და მეგურგინე (მეჯვარე) გვერდით მიჰყვებოდნენ პატარძალს, რათა გზაზე არავის არ წაერთმია. იყო შემთხვევა, როდესაც მაყრიონის გუნდს გაერეოდა სხვა ცხენოსნები და პატარძალს სხვა გზით წამოიყვანდნენ: ამიტომ დადე არ უნდა მოშორებოდა პატარძალს, სიძე და პატარძლის მშობლებს წინასწარ ჰქონდათ დადგენილი - ვინ რამდენ მაყარს გამოგზავნიდა. წესისამებრ, თუ სიძე 10 მაყარს გზავნიდა პატარძლის მხრიდან, მეორე ამდენი უნდა ყოფილიყო. ორივე მაყრები ერთად მოდიოდნენ, ერთმანეთს უცდიდნენ. მოახლოების დროს, ერთი მაყარი დაწინაურდებოდა და როგორც მახარობელი, შემოაჯირითებდა ცხენს. მას მიართმევდნენ წირღვს (საქონლის წვივს). ის ისევ უკან ბრუნდებოდა და სხვა მაყრებთან ერთად შემოდიოდა. ბავშვები ნავთით დასველებულ წაქურჩლით გზას უნათებდნენ მაყრიონს. პატაძართან ერთად ჩამოდიოდნენ ცხენებიდან და „კუჩხიბედნიერი“ სიმღერით.
სტუმრებს მიიპატიჟებდნენ „პახმელიას“ სუფრასთან, არაყი და კონიაკი. ამის შემდეგ მზადდებოდა დიდი სუფრა, სადაც ერთად ჯდებოდა სტუმარ-მასპინძელი. მთავარი იყო ტოლბაში (თამადა); სვამდნენ პატარა ჭიქებით, ბოლოს კი შეისმებოდა დიდი ყანწი. სუფრაზე გვიან ჯდებოდნენ და გათენებამდე აგრძელებდნენ. მაშინ ამასაც ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან მაყარს, სანამ ხიდან ჩამოფრინდებოდნენ, ქათამი უნდა მოეკლა.
მაყრებად ყველა ნათესავების წაყვანა აუცილებელი არ იყო. მიჰყავდათ ისეთები, რომლებსაც ჰქონდათ მოლხენის, ლაპარაკის, ცეკვა - თამაშის და, რასაკვირველია, ჰქონდათ შეხედულებაც, ჩაცმულობაც და მოქცევაც.

გაზეთი „ფარტაზის ამბიონი“ №2 ივლისი 2003 წელი

347
    

კომენტარები

რეკლამა