უკან დაბრუნება
განცხადებები
ადამიანად დავაჩნდი მიწას
6-09-2016, 20:29
ნანახია: 818
გაუზიარე სტატია მეგობარს


როცა არავინ არ მელოდება,მეც არვის ველი,-
ფიქრებით ჩემივ თავიდან გასულს
ხმელეთზე,ცაზე ხეტიალი როცა გადამღლის,
ხილულისა და უხილავის ცრიატ მიჯნებზე
დგომით და მზერით გულს რომ ვიჯერებ,-
შემოვბრუნდები ჩემი არსების სანახებში;
როგორც ფუტკარი საღამო ჟამს
ნექტარის ძებნით, ფრენით მოღლილი
თავის ბინაში შეცოცდება,უჩინარდება,
ასე შემოვალ,-თვალის და ფიქრის ერთიან მზერით.
ჩემი ნერვების ხვეულებში,
ჩემი არსების არსებაში სამოგზაუროდ.
აქაც სამყარო იშლება მთელი
თვითონ ჩემთვისაც ჟრჟოლისმომგვრელი,
აქაც სივრცეა ლურჯი იებით,ზეცაა,მზეაა...
დაუთვლელი შუქმოციალე ვარსკვლავებია,
ვრცლად გადაშლილი ველებია,-
უფსკრულები ნაბავენ თვალებს,
მიჩქრიალებენ ჩანჩქერები თეთრი კლდის პირით.
მდინარეთა და ნაკადულთა მიმობურულ ნაპირებს
ზემოთ
მდუმარედ დგანან ბნელი ტევრები.
ხელუხლებელი ყამირები თვლემენ გვალვაში.
მიღმა გახრეკილ უდაბნოებს უშრებათ ბაგე.
ფერდობის ძირას ლაჟვარდეული სინათლის ფრთებით
ყელყელაობენ პატარ-პატარა ყვავილები
ფერადფერადნი.
თვალსაწიერზე შავი ღრუბლებით დაფარული ტყე იმზირება...
ტყეში კი, როგორც ყველა დიდ ტყეში,
აურაცხელი ცხოველები და ფრინველები
დაყიალებენ;
უშქარი, უშტი მტაცებელი დაიზმორება.
აქ ადრე მახსოვს, მგელი დაძრწოდა
მორიელი დაცოცავდა ზეხმელის ბნელ ფუღუროებში;
ხანდახან ლომიც გამოჩნდებოდა კმინვით ზმორებით.
თავდაკარგული გარბოდნენ მაშინ შვლები
ირმები.
თაფლის ამაო ძიების შემდეგ
დათვის ბურდღუნი მოისმოდა ღამის უკუნში.
ხეების მერხევ წვეროკინებზე
ფრინველები გალობდნენ ხშირად.
მტრედების გუნდი შეესეოდა
მოკრიალებულ ზეცის თავანს ზაფხულის დილით.
დღეს ჩემი მზის და ჩემი ზეცის სასიხარულოდ
ყველა ცხოველი დამშეულა,
სიკვდილის პირას მიმდგარა ყველა.
როს დამლანდავენ,- წამოჰყოფენ თავებს
მუდარით.
ხმისგაუღებლად შემომცქერიან,
მთხოვენ თვალებით,
გადმოგვიგდეო ხემსი რაიმე,
მაგრამ მე მათთვის, სიმართლე ვთქვა,
საზრდო ერთგულად არასოდეს არ მიზიდნია.
არა და არა! - ვაცხადებ ახლა საბოლოოდ.
ყველა ისინი სულს ღაფავენ და მე ვზეიმობ...
ჩემს ხმაში ახლა აღარ ისმის მგლების ყმუილი,
მორიელები არ დაცოცავენ ჩემს გუნებაში,
არა ჩანს ლომი...
ფრინველის ჭრინვას აღარა ჰგავს ჩემი გულის ხმა.
გამოვეყავი ცხოველურ საწყისს,
ჩემი ღირსი სახე მივიღე,
ადამიანად დავაჩნდი მიწას... скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი