უკან დაბრუნება
განცხადებები
რაც ქვეყნად გავჩნდი
29-07-2017, 22:02
ნანახია: 927
გაუზიარე სტატია მეგობარს



რაც ქვეყნად გავჩნდი, რაც მახსოვს თავი,
უამრავ ლექსთა შევიცან ხვედრი;
ჩემი ტკივილი სხვა იყო მაინც,
ლექსებს მეც მუდამ ამიტომ ვწერდი.
როცა შევხედე ჩემს პირველ მაისს,
ჩემი ოცნების ნათელი მტრედი
ლაჟვარდს სხვაგვარად არწევდა მაინც,
ლექსებს მეც სწორედ ამიტომ ვწერდი.
უთვალავ ტკივილს, უთვალავ ხალის
ანთებდა ყველა პოეტის ბედი,
მე ვერცერთი ვერ მშველოდა მაინც,
ლექსებს მეც მუდამ ამიტომ ვწერდი.
ერისიონზე შემომდგარ აისს
ხატავდა ყელი კოსმიურ გედის,
გადარეული მღეროდა თვალი,
ლექსებს მეც მუდამ ამიტომ ვწერდი.
როცა სამყარო ამხელდა წყურვილს,
რომ გავყოლოდით იმის გზას ქმედითს,-
ვერ ეტეოდა სივრცეში სული,
ლექსებს მეც მუდამ ამიტომ ვწერდი.
მეცნიერების ცვარანებს იქით
იდგა მორევი მთლიანი სევდის.
მის ნაპირებზე მწეწავდა ფიქრი,
და ლექსებს მუდამ ამიტომ ვწერდი.
მოჩანდა სახე მშობელთმშობელის
ოკეანეში,- ხანძრით და ცეცხლით
ღვიოდა მარად შესაცნობელი,
ლექსებსაც მუდამ ამიტომ ვწერდი.
შეუცნობელის კარებთან მდგარი
ვგრძნობდი უხილავს და ბნელში ხედვით
დაავადებულს მარბევდა ქარი,-
ლექსებს მეც მუდამ ამიტომ ვწერდი.
მიყვარდა ქვეყნად სახე ყოველი,
თვით უსახურიც, და იმათ გვერდით
ვიდექი, მათი ხვედრის მგლოველი,-
და ლექსებს მუდამ ამიტომ ვწერდი.
რომ უმთავრესზე სდუმან ბაგენი,
რომ აღარა ვარ ამაზე მეტი,-
უკეთეს რამეს ვერ მივაგენი
და ლექსებს სწორედ ამიტომ ვწერდი...


1963 წ

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი