უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთის წარსულიდან
8-02-2017, 19:19
ნანახია: 2478
გაუზიარე სტატია მეგობარს


 

ფოთის წარსულიდან
(ისტორიულ - ეკონომიური მიმოხილვა უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე)    
 
 ფოთი ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მთელი მისი ისტორიული, სოციალურ-ეკონომიური და    კულტურული წარსული საქართველო - ამიერკავკასიის მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან  მჭიდროდაა დაკავშირებული.
 ფოთის ისტორიულ-ეკონომიური თავგადასავლის განხილვისას უწინარეს საინტერესოა გაირკვეს მისი ძველი  გეოგრაფიული  სახელწოდების - ფაზისის წარმოშობის სადაურობა. ამ საკითხის კვლევისას და მის მეცნიერულ დასაბუთებისას ბევრი  გამოჩენილი ქართველი  მკვლევარი შეეხო.  პ.ინგოროყვამ მეცნიერული სიზუსტით ნათელჰყო, რომ სიტყვა ფაზისი  ქართული წარმოშობისაა. ამის შესახებ იგი წერს: „სიტყვა ფას-ი 11 ფს-ი აქედან ფას-ისი,ფს-ის-ი ძირეულია და
 აღნიშნავდა ცნებას „წყალი“. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ ფუძეს მრავალგვარი განშტოება მოეპოვება ქართულში“. აქედან გამომდინარე, პ.ინგოროყვა ასკვნის „...სახელი კოლხეთის მთავარი მდინარისა, ფას-ი, ფას-ის-ი არაა უცხოური წარმოშობისაა, არამედ ქართულ ენობრივ სამყაროს  ეკუთვნის“. თანამედროვე ფოთს თავისი გეოგრაფიული სახელწოდება მდინარე ფაზისისაგან მიუღია. ამის შესახებ ხსენებული მკვლევარი აღნიშნავს: „პირველადი სახელწოდება ამ პუნქტისა არის ფაზისის ქალაქი ანუ ფასტი (ფას-თი), რომლის პარალელური სახეობაა ფოსთი, საიდანაც  შემდეგ წარმოიშვა ფოთი, ფოთ“.ფოთიდან წარმომდგარია მეგრული გეოგრაფიული სახელწოდება ფუთი. ამასთან ერთად, მეგრული წარმოშობის სახელწოდება დღესაც ეწოდება იმერეთის ტერიტორიაზე  შემავალ ზოგიერთ სოფლებს მაგ: ზესტაფონის რაიონში სოფ. ფუთს. ამასვე  ადასტურებს აკად. ს. ნ. ჯანაშიაც თავის შრომაში „ფასიდი“, რომელიც ამ ოცი წლის წინათ ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბეში (ტომი X) გამოაქვეყნა. აკადემიკოსმა ს.ნ. ჯანაშიამ გაარკვია, რომ ფაზისი - მერმინდელი ფოთი - ადგილობრივ, ქართულ  ფორმასთან დაკავშირებულ  წყაროდან  მომდინარეობს.
 ამრიგად, თანამედროვე მეცნიერულ ლიტერატურაში გამოთქმული და დასაბუთებული ცნობების მიხედვით, მდინარის გეოგრაფიული სახელწოდება ფაზისი ქართული წარმოშობისაა. საუკუნეების მანძილზე მდინარის სახელწოდებას მის შესართავთან მდებარე ქალაქიც ინარჩუნებდა. თავისი დღევანდელი გეოგრაფიული სახელწოდება ქალაქმა კი ფაზისისაგან მიიღო.
  ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის ცნობით, ქალაქი ფოთი, რომელსაც ძველად ფაზისი ეწოდებოდა, მდებაორებდა მდიანრე ფაზისსა (რიონი), ტბასა (იგულისხმება პალიასტომის ტბა) და ზღვას შუა. ამის შესახებ იგი წერს: “ ფაზისის პირას მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხების ემპირიონი, რომელსაც წინ უძევს მდინარე, ტბა და ზღვა“.
  საინტერესოა გაირკვეს, თუ ვინ გააშენა თანამედროვე ფოთის ტერიტორიაზე სავაჭრო პუნქტი, რომელმაც დროთა განმავლობაში ქალაქის სახე მიიღო. ერთი უცხოელი ავტორის ცნობით, ქალაქი ფაზისი (ფოთი) აუშენებიათ მილეტებს, რომლებიც გაწაფული მეზღვაურები იყვნენ. ამის შესახებ წყაროში აღნიშნულია: „მდინარეში რომ შედიხარ, ფაზისის მარცხენა მხარეზე მდებარეობს მილეტების მიერ დაარსებული ქალაქი ფაზისი“. ამ საკითხებზე ანალოგიურ ცნობებს იძლევიან ბერძენი ისტორიკოსი - გეიგრაფები პროკოფი კესარიელი, მენანდრე, აგათია სქოლასტიკოსი, პტოლემე და სხვები. მაგრამ მათი ცნობები, თითქოს ქალაქი ფაზისი მილეტელების მიერ იყოს დაარსებული, სწორ საბუტად არ გამოგვადგება. მარტალია, ყველაზე მეტი ახალშენი შავი ზღვის სანაპიროზე მილეტმა გაიჩინა, მაგრამ მათ მიერ სავაჭრო ფაქტორიები ანუ ახალშენები დაარსებულ იქნა შავი ზღვის სამხრეთ -დასავლეთ სანაპიროებზე.
  თანამედროვე ფოთის ტერიტორიაზე სავაჭრო პუნქტის წარმოქმნა, შემდეგ კი ამ პუნქტის ქალაქად გადაქცევა განაპირობებს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების შინაგანმა და გარეგანმა ფაქტორებმა. უპირველეს ყოვლისა, დღევანდელი ფოთის ადგილას სავაჭრო პუნქტის წარმოშობას  და მის  ქალაქად გადაქცევას ხელი შეუწყო მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ მთავრდებოდა საბერძნეთიდან, რომიდან და ბოსფროიდან (ყირიმის ნახევარი კუნძული) შავი ზღვით მომავალი საზღვაო გზა. ეს გზა ფოთიდან მდინარე რიონით ყვირილას შესართავამდე სანაოსნო იყო. შემდეგ იგივე გზა ხმელეთი სურამის უღელტეხილზე გავლით აღმოსავლეთ საქართველო (იბერია) გადადიოდა და მდინარე მტკვრის ნაპირით მიემართებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში (ირანი,ბაქტრია, ირკანის ანუ თანამედროვე კასპიის ზღვის გაღმა მხარე - დღევანდელი შუა აზიის ტერიტორია, ინდოეთი და სხვა.) აღნიშნულმა სავაჭრო გზამ საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ეკონომიური და კულტურული ურთიერთობის განვითარებას, რომლის ორბიტში ქალაქი ფოთი დიდ როლს თამაშობდა.
  ფოთის წარმოქმნის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო VIII-VII საუკუნეში (ძვ.წ.) ბერძენი მოახალშენეების  მიერ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე სავაჭრო ფაქტორების შექმნა. როგორც უცხოელი მწერლებისა და მოგზაურების ცნობებიდან ჩანს, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებზე ბერძნებს დაუარსებიათ მრავალი სავაჭრო ახალშენი. მათ შორის ცნობილია სინოპი, ტრაპეზუნტი, ქოიარდესი, ბექირიასი, კერასუნტი, კოტიორა და მრავალი სხვა. ხსენებულ ახალშენებს შორის თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, გასატანი და შემოსატანი საქონლის სიუხვით განთქმული იყო ქალაქი ფოთი, უწინდელი ფაზისი. IV საუკუნის (ძვ.წ.) ბერძენი მწერლის ფსევდო სკილაკ კარიანდელის ცნობით, მდინარე ფაზისის ზღვაში შესართავთან გაშენებულია ელინთა ქალაქი ფაზისი.
  საფიქრებელია, რომ დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთში ბერძნული სავაჭრო ფაქტორიების წარმოშობამდე, თანამედროვე ფოთის ტერიტორიაზე სავაჭრო პუნქტი არსებობდა, ვინაიდან, როგორც ამჟამად დადგენილია, ახალშენების დაარსებამდე ბერძნებს გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ კოლხეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან. მაგრამ ისინი თანდათანობით ქრებოდნენ და ადგილს უთმობდნენ ადგილობრივ ელემენტებს. „ეგების ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ სტრაბონი ფაზისს იხსენიებს, როგორც „კოლხების სავაჭრო ნავსადგურს“. იგივე სტრაბონი გადმოგვცემს, რომ ფაზისში თავს იყრიდა 70 სხვადასხვა ტომის წარმომადგენელი, მეორე ცნობით, კი 300 სხვადასხვა ტომის წარმომადგენელი. ეს ციფრები რამდენად გაზვიადებულიც არ უნდა იყოს, მაინც ცხადია, რომ ფაზისში სისტემატურად თავს იყრიდა და ვაჭრობას ეწეოდა მრავალი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი, მათ შორის ბერძენი, რომაელი, ბოსფორელი, სირიელი, ირანელი, ბაქტრიელი, ინდოელი, ქართველი, სომეხი და სხვა ეროვნების ვაჭრები.
  კოლხეთი განთქმული იყო ტყის ვრცელი მასივით. მას იყენებდნენ ხომალდების, გემებისა და ნავების ასაგებად. კოლხეთში საშენ მასალად დამზადებული ხე-ტყე ფაზისის ნავსადგურიდან იგზავნებოდა საბერძნეთში, რომში, ბოსფორისა და უცხოეთის მთელ რიგ სახელმწიფოებში.
  კოლხეთი განთქმული იყო აგრეთვე ხილით, კენაფით, ცვილით, კუპრით და სხვა. სელისაგან ადგილობრივი მოსახლეობა ქსოვდა ტილოს, რომელიც თავისი ხარისხით ჯობდა უცხოეთში დამზადებულ საქონელს, საკუთრივ კი ეგვიპტურ ტილოს. ზემოთ აღნიშნული ყველა ნაწარმი ფაზისის ნავსადგურიდან იგზავნებოდა უცხოეთში. ფაზისიდან უცხო ქვეყნებში იგზავნებოდა აგრეთვე ბზისა და კაკლის ხეები, ბეწვეული, ტყავეული, ლითონები, ოქრო და მთელი რიგი სხვა საგნები.
  შავი ზღვისპისპირეთში ბერძნების ლტოლვა და აქ ახალშენების დაარსება ერთის მხრივ ნაკარნახევი იყო მონების მოპოვებით. დასავლეთ საქართველოდან ბერძნებს ყოველწლიურად გაჰყავდათ მრავალი ასეული და ათასეული მონა. როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ცნობებიდან ჩანს, რომ მონების დიდი ნაკადი სისტემატიურად იგზავნებოდა ქალაქ ფაზისის ნავსადგურიდან.
  საბერძნეთიდან, რომიდან, ბოსფორიდან და სხვა ქვეყნებიდან შავიზღვისპირეთის სავაჭრო ფაქტორებში შემოჰქონდათ ძვირფასი ქსოვილები, სამკაულები, ჭურჭლეული და სხვა ნაწარმი. დასავლეთ საქართველოში გამოგზავნილი საქონლის გადმოტვირთვა ხდებოდა ფაზისის ნავსადგურში. შემოზიდული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი მდინარე ფაზისის  სანაოსნო გზით გაჰქონდათ კოლხეთისა და იბერიის (ქართლის) პროვინციებში. საქონელი სანაოსნო გზით ამოჰქონდათ მდინარე ყვირილას შესართავამდე, შემდეგ ურმებით, სახედრებით და იმდროინდელი სხვადასხვა სახის ტრანსპორტით ჩაჰქონდათ მტკვრის ხეობაში. აქ საქონლის გადატვირთვა ხდებოდა ნავებში და იგი მიჰქონდათ მდინარე მტკვრით კასპის ზღვაში, საიდანაც იგზავნებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში (ირანი, ბაქტრია, ინდოეთი და სხვა.)  
  პირველი საუკუნის პირველი ათეულის დამლევს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე) პონტოს მეფემ მითრიდატ ევპატორმა კოლხების ძლიერი სამეფო დაიმორჩილა და მისი ერთ-ერთი ეკონომიური ცენტრი და ნავსადგური ქალაქი ფაზისი ხელში ჩაიგდო. აქედან მითრიდატი გემებით ეზიდებოდა ხე-ტყის მასალას ხომალდების ასაგებად. აქვე შოულობდა იგი თავისი ფლოტისათვის გამოცდილ მეზღვაურებს. გარდა ამისა, კოლხეთიდან მითრიდატს გაჰქონდა სელი და მისი ქსოვილები, ბზის ხეები, ოქრო, ფერადი ლითონები და მთელი რიგი სხვა ნაწარმი. აღნიშნული საგნები მდინარე რიონის სანაოსნო გზით ფოთში ჩაჰქონდათ, საიდანაც გემებით იგზავნებოდა პონტოს სამეფოში.
  მაგრამ მითრიდატ ევპატორის ბატონობას კოლხეთსა და მის ეკონომიურ ცენტრში ქალაქ ფაზისში ბოლო მოუღო რომაელთა შემოსევამ ამიერკავკასია-საქართველოში. როგორც ცნობილია, ალბანეთის (თანამედროვე საბჭოთა აზერბაიჯანი) დალაშქვრის შემდეგ რომაელთა ჯარის სარდალი პომპეუსი იბერიის (ქართლის) საზღვრებში შემოვიდა და ადგილობრივი მმართველი წრეები დაიმორჩილა. ეს ამბავი მოხდა 65 წელს (ძველი წელთაღრიცხვით). ქართლში გამარჯვების მოპოვების შემდეგ პომპეუსი კოლხეთში გადავიდა და მდინარე ფაზისით ქალაქ ფაზისში ჩავიდა. იმის შესახებ, თუ როგორ მოექცა პომპეუსი ადგილობრივ მოსახლეობას, წყაროები არაფერს გვეუბნება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ რომაელი სარდლისათვის ფაზისელებს ხარკი უნდა ეძლიათ ისევე, როგორც აძლევდნენ დაპყრობილი ქვეყნების მმართველი წრეები, მათ შორის ალბანელი და იბერიელი ხელისუფალნი. რომაელი ისტორიკოსები დიონ კასიუსი და აპიანე გვიამბობდნენ, რომ ქალაქ ფაზისში ჩასულ პომპეუსს ნავსადგურში დახვედრია რომის ფლოტი სერვილიუსის სარდლობით, საიდანაც მას ტყვედ შეპყრობელი მრავალრიცხოვანი მონა წაუსხამს და დიდძალი ნადავლი წაუღია რომში.
  ესამე საუკუნეში, ე.ი. 256-260 წწ. (ახალი წელთაღრიცხვით) დასავლეთ საქართველოს, ეგრისის ტერიტორიას, სკვითები შემოესივნენ იქ, სადაც დამპყრობლები გამოჩნდებოდნენ, ყველაფერს ანადგურებდნენ და იკლებდნენ. ოთხი წლის მანძილზე განუწყვეტელი შემოსევის პერიოდში სკვითებს ყველაზე მეტად ქალაქი ფაზისი და მისი მიდამოები დაურბევიათ, განსაკუთრებით დიდი ზიანი განუცდია ნავსადგურს. როგორც ოფიციალური ცნობიდან ჩანს, სკვით მოთარეშე რაზმებს ქალაქის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი ამოუწყვეტიათ. ვინც კი გადაურჩა დამპრყობლების რისხვას, მიუვალ ადგილებს შეეხიზნა. ამ დროს უკვე ქალაქ ფაზისს დროებით დაეხშო სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან.
 ფაზისიდან სკვითი მომთაბარეების გასვლის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი ცხოვრება დამყარდა და მისი ეკონომიური ურთიერთობა კვლავ ახალი ძალით განახლდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან.
  მეორე საუკუნეში (ახალი წელთაღრიცხვით) რომაელებს ფოთში თავიანთი ჯარი ჩაუყენებიათ. მაშინ ქალაქს ირგვლივ შემოვლებული ჰქონდა ხის გალავანი, მაგრამ რომაელებს ეს გალავანი დაუნგრევიათ და მის ნაცვლად ქალაქისათვის ქვის გალავანი შემოუვლიათ და აქ ოთხასი რჩეული მეომარი ჩაუყენებიათ. ქალაქ ფაზისის ირგვლივ ქვის გალავნის  შემოვლება და იქ  ოთხასი რჩეული მეომრის ჩაყენება იმაზე მეტყველებს, რომ ფაზისი (ფოთი) წარმოადგენდა არა მარტო ეკონომიურ ცენტრს, არამედ შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი სამხედრო სტრატეგიული პუნქტსაც, რომლის დაცვის საქმეს რომაელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ.
  საქართველოს ადრინდელი ფეოდალიზმის ხანაში (III-IV საუკუნეები) კოლხეთიდ კულტურის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი ფაზისი. აქ არსებობდა ფილოსოფიური სკოლა, რომელიც ცნობილი იყო არა მარტო საქართველოში, არამედ შორეულ ქვეყნებში, მათ შორის აღმოსავლეთ რომის იმპერიაში (ბიზანტიაში). ხსენებულ სკოლაში ფილოსოფიურ განათლებას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე გარეშე ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდები. ასე, მაგალითად, აღნიშნულ სკოლაში უსწავლია და შესაფერისი ფილოსოფიური განათლება მიუღია ბიზანტიის ერთ-ერთ გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს ევგენიოსს და მის შვილს თემისტეს. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ ევგენიოსი დაბრუნებულა სამშობლოში და კონსტანტინეპოლში ფილოსოფიის მასწავლებელი გამხდარა. ამავე სკოლაში ფილოსოფიური განათლება მიუღია მეოთხე საუკუნის ცნობილ ქართველ ფილოსოფოსს ბაკურს, რომელმაც თავისი მჭერმეტყველებით სახელი გაითქვა მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც.
  ამრიგად, ქალაქ ფაზისსა და მის მიდამოებში ფილოსოფიური სკოლის არსებობა იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ კოლხეთში საკმაოდ ყოფილა განვითარებული ფილოსოფიური აზროვნება, რომლის ცენტრს წარმოადგენდა დღევანდელი ფოთი და მისი მიდამოები.
  მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ( ეგრისის სამეფო) მჭიდრო აკონომიური ურთიერთობა ჰქონდა როგორც მეზობელ იბერიის (ქართლი) და სომხეთის სამეფოებთან. ისე პონტოსა და ბოსფორის სამეფოსთან, აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან (ბიზანტია) და სხვა ქვეყნებთან. როგორც წინა საუკუნეებში, ისე ჩვენთვის საინტერესო პერიოდში, დასავლეთ საქართველოდან საზღვარგარეთ ვაჭრობა შავი ზღვის გზით წარმოებდა. ჩამოჰქონდათ ძვირფასი ქსოვილები, სამკაულები, ჭურჭელი, მარილი და სხვა.
  ქალაქ ფაზისიდან მდინარე ფაზისით მიმავალ სანაოსნო გზას კვლავ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ეკონომიური ურთიერთობის განვითარებისათვის.
  აღმოსავლეთისა და დასავლეთის სახელმწიფოების, საკუთრივ აღმოსავლეთ რომის იმპერიისა და ირანის მიზანი იყო დაეპყროთ ბუნებრივი სიმდიდრეებით განთქმული ეგრისისა და ქართლის (იბერიის) სამეფოები.
  თავდაპირველად აღმოსავლეთ რომის იმპერიის ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანა იყო ხელში ჩაეგდო ეგრისის სამეფოს ტერიტორია. ამ მიზნის მისაღწევად მეექვსე საუკუნის მესამე ათეულ წლებში რომაელებმა ზედიზედ გადმოსხეს მრავალრიცხოვანი ჯარი დასავლეთ საქართველოში (ეგრისის სამეფოში) და გაამაგრეს შავიზღვისპირეთის ნავსადგურები (პეტრა, ფაზისი, სებასტოპოლი და სხვა.) ამ დროს უკვე ირანელებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეფობა გააუქმეს, სამეფოს მთელი ტერიტორია დაიპყრეს, ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსასვლელი კარები გაამაგრეს და მცველებად თავიანთი ჯარები ჩააყეენს.
 ქართლის დაპყრობის შემდეგ ირანელები დასავლეთ საქართველოში გადმოვიდნენ.
  543 წელს ირანის შაჰი ხოსრო ანუშირვანი დიდძალი ჯარით გადმოვიდა დასავლეთ საქართველოში და თავისი ჯარის ძირითადი ნაწილი ქალაქ პეტრას შეუსია, სადაც გამაგრებული იყვნენ რომაელი ჯარისკაცები. ორივე მოწინააღმდეგე ძალთა შორის გაჩაღდა შეუპოვარი ბრძოლა. ირანელებმა აიღეს ქალაქი პეტრა, მაგრამ როგორც ქვემოთ დავინახავთ, ეს გაამრჯვება ირანელებს ძვირად დაუჯდათ.
  დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის ნავსადგურებში რომაელებმა თავი მოუყარეს ახალ-ახალ შეიარაღებულ ძალებს და ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით 549-550 წწ. მედგარი ბრძოლა გაუმართეს ირანელებს. ეს უკანასკნელნი ბრძოლის ველზე ზედიზედ დამარცხდნენ. მათ შორის ირანელებმა სასტიკი დამარცხება განიცადეს რიონისა და ცხენისწყლის შესართავთან, მაგრამ პეტრა მაინც შეინარჩუნეს.
  551 წელს კი პეტრას აღებაც მოახერხეს. დამარცხებულმა ირანელებმა ჩრდილო-დასავლეთით დაიხიეს და გამაგრდნენ ქალაქ ფაზისის შორიახლოს. აქ ისინი თითქმის ოთხ წელიწადს იდგნენ და შექმნეს გამაგრებული ჯებირები. ისინი ვარაუდობდნენ აქედან პირდაპირ დაერტყათ ქალაქ ფაზისისათვის. გაენადგურებინათ იქ მყოფი რომაელთა ფლოტი და შემდეგ გზა გაეკვლიათ დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით შავიზღვისპირეთის ციხე-ქალაქების (სევასტოპოლისი, ტრაქეა (გაგრა) და სხვა.) დასაპყრობად.
  555 წელს ირანელი ჯარების სარდალმა ნახორაგანმა ჩრდილო-დასავლეთით ალყა შემოარტყა ქ. ფაზისს, მდინარეში ჩაუშვა ნავები და მათი საშუალებით ხმელეთზე გამოიყვანა თავისი ჯარის ნაწილები და დაიწყო შეტევა ქალაქის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ რომაელი და ადგილობრივი მეომრების  ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა და სასტიკად დამარცხდა.
  555 წელს ირანისა და რომაელი ჯარების სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად ქალაქმა ფაზისმა დიდი აოხრება განიცადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავისი საერთაშორისო მნიშვნელობა მაინც არ დაუკარგავს. იგი კვლავ ინარჩუნებდა თავის პირვანდელ ეკონომიურ სახეს და საქართველო შავი ზღვით დაკავშირებული იყო დასავლეთის ქვეყნებთან, საკუთრივ აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან და სხვა სახელმწიფოებთან, აღმოსავლეთ სანაოსნო გზით კი - სამხრეთ აღმოსავლეთის ქვეყნებთან (ირანი, ინდოეთი და სხვა.)
  ქალაქი ფაზისი ფოთად ოფიციალურ ისტორიულ ლიტერატურაში პირველად მოხსენებული აქვს VIII საუკუნის სომეც ისტორიკოს ღევონდის. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ქართული გეოგრაფიული სახელწოდება ფოთი VIII საუკუნეში დამკვიდრებული ტერმინია.
  სომეხ მემატიანეს ვრცლად ააქვს აღწერილი ფოთის ადგილმდებარეობა, მისი ეკონომიური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების აღმოსავლეთისა და დასავლეთის შორეულ სახელმწიფოებისათვის. ამავე საუკუნეში ფოთის ნავსადგურიდან საზღვარგარეთელ ვაჭრებს გაჰქონდათ ხომალდებისა და ნავების ასაშენებელი ხე-ტყის მასალა, ბზის ხეები, ბეწვეული, ტყავეული, ხოლო ამავე ნავსადგურში შემოჰქონდათ ფუფუნეის საგნები, ღვინო, ჭურჭელი, მარილი და სხვა საგნები.
  XI-XII საუკუნეებში საქართველომ მიაღწია ეკონომიური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების დიდ აღმავლობას. განვითარდა ვაჭრობა-აღებ-მიცემობა როგორც მეზობელ, ისე შორეულ ქვეყნებთან. ეკონომიურად და კულტურულად განვითარდა მთელი რიგი ქალაქები (თბილისი,ქუთაისი, გორი, თელავი, და სხვა.) წარმოიქმნა ახალი ქალაქები, რომლებიც თვალსაჩინო როლს თამაშობდნენ ეკონომიური და კულტურული ცხოვრების აღმავლობის საქმეში.
  მართალია, XI-XII საუკუნეებისდროინდელ წყაროებში ქალაქ ფოთის შესახებ მეტად მცირე ცნობებია დაცული, მაგრამ საეჭვო არაა, რომ ხსენებულ საუკუნეებში იგი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის ეკონომიურ განვითარებაში. ამავე საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის ეკონომიურ ცენტრებს შორის ფოთი ერთ-ერთი პირველხარისხოვანი ნავსადგურიანი ქალაქი იყო. აქედან გემებისა და ნავების რეგულარული მიმოსვლა წარმოებდა ყირიმის ნახევარკუნძულამდე, ტრაპიზონსა და სამსუნამდე. ქალაქი ფოთი შავი ზღვით ეკონომიურად დაკავშირებული იყო აგრეთვე ბიზანტიის იმპერიის სატახტო ქალაქ კონსტანტინეპოლთან.
  ქართულ წყაროებში ქალაქი ფოთი გვხვდება XI საუკუნის ამბებთან დაკავშირებულ ცნობაში, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველი საზოგადო მოღვაწე გიორგი ათონელი (მთაწმინდელი) საზღვარგარეთიდან სამშობლოში რომ ბრუნდებოდა, ქალაქ სამსუნიდან ნავით ჩამოსულა ფოთის ნავსადგურში, შემდეგ სახედრით გამგზავრებულა ქუთაისს. ამის შესახებ წყაროში აღნიშნულია: „მოვიწიენით სამისონს, ქალაქსა ზღვის კიდისასა, და მუნ განვიყიდენით სახედარნი ჩუენნი და ესრეთ ნავითა წარვემართენით კერძოთა აფხაზეთისათა, კეთილთა და ჰამოთა ნავითა მოვიწიენით ფოთს“.
  1453 წელს ოსმალებმა დაიპყრეს კონსტანტინეპოლი, ბიზანტიის იმპერია აღგავეს მიწისაგან პირისა, ჩაკეტეს შავი ზღვა; საქართველოს დაეხშო ეკონომიური და კულტურული ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან. შექმნილმა საგარეო მდგომარეობამ, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა იქონია დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის ქალაქების, პირველ რიგში კი ქალაქ ფოთის ეკონომიურ განვითარებაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც უცხოელი მოგზაურების ცნობებიდან ჩანს, საქართველოს ეკონომიურ ცენტრებს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა მთლიანად არ დაუკარგავთ. შავი ზღვის სანაპიროებს ხშირად ადგებოდა ბერძნების, ვენეციელებისა და გენუელების გემები, საიდანაც გაჰქონდათ ადგილობრივი ნაწარმი. ასე, მაგალითად, 1474 წელს ვენეციელმა ელჩმა ამბროზიო კონტარინმა მოიარა დასავლეთ საქართველო, მათ შორის დაათვალიერა ქალაქი ფოთი, მისი მიდამოები და დაგვიტოვა ცნობა, რომ იგი (ქალაქი ფოთი) მოზრდილი სავაჭრო პუნქტი და შესანიშნავი ნავსადგური ყოფილა, საიდანაც გაჰქონდათ კოლხეთში დამზადებული სელი და სელის ქსოვილები, ცვილი, ბზის ხეები, ხომალდების ასაგები ხე-ტყის მასალა და სხვა საგნები. ტრაპიზონიდან და სამსუნიდან ფოთში ჩამოჰქონდათ ქსოვილები, დამარილებული თევზი, ღვინო და სხვა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ქალაქ ფოთს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული გარეშე სამყაროსთან და იგი წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ პირველხარისხოვან შემოსასვლელ და გასასვლელ კარს.
  XV საუკუნის ბოლოს და XVI საუკუნის დასაწყისში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო დაქუცმაცდა მრავალ სამეფო-სამთავრდო, რომელსაც შემდეგში გარეშე მტრების გამუდმებული თავდასხმები დაემატა. აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლ-კახეთის სამეფო) ირანელები და ლეკები არბევდნენ, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (მესხეთ-ჯავახეთს), იმერეთის სამეფოს, აფხაზეთის, გურიისა და სამეგრელოს სამთავროებს ოსმალები აწიოკებდნენ. მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის მედგარი წინააღმდეგობისა, დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის ქალაქებთან ერთად 1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ქალაქი ფოთი და იქ თავდაცვის მიზნით ციხე ააგეს. დამპყრობლების ხელში ფოთი 62 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის მანძილზე   ოსმალებმა გაძარცვეს ქალაქის მოსახლეობა და მათი დიდი ნაწილი ტყვედ წაასხეს ოსმალეთში, ხოლო ქალაქის მთელი რიგი ნაგებობანი დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს.
  1640 წელს სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა ოსმალებისაგან ბრძოლით დაიბრუნა ქალაქი ფოთი და ის დასავლეთ საქართველოს შემადგენლობაში გაააერთიანა. ამის შემდეგ  იგი კვლავ გადაიქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნავსადგურად, რომელსაც საპატიო ადგილი ეკავა ქვეყნის ეკონომიურ ცხოვრებაში, ამასთან ერთად ქალაქი ფოთი იყო უმნიშვნელოვანესი სამხედრო-სტრატეგიული პუნქტი.
  1725 წელს ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს ქალაქი ფოთი და მმართველად დასვეს ფაშა, რომელსაც დაუმორჩილეს შავი ზღვის  სანაპირო ზოლი. ამ დროს უკვე ოსმალეთის მფლობელობაში გადავიდა ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ოჩამჩირე, სოხუმი და დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის სხვა პუნქტები.
  1725 წლიდან ოსმალეთიდან ყოველწლიურად ფოთში შემოდიოდა სხვადასხვა საქონლით დატვირთული 18-20-მდე გემი. ამ დროს ფოთში ხისაგან აშენებული მრავალი სასურსათო მაღაზია არსებობდა. ვაჭრობას მისდევდნენ როგორც ადგილობრივი, ისე თურქი და სხვა ეროვნების ვაჭრები. ფოთის ნავსადგურიდან გაჰქონდათ ხე-ტყის მასალა, სელისაგან მოქსოვილი ტილო, ბზის ხეები და სხვა, გაჰყავდათ აგრეთვე ტყვეები. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდების ცნობით, სამეგრელოდან ყოველწლიურად 10-12 ათასი ტყვე გაჰყავდათ, რომლებიც ფოთის ნავსადგურიდან იგზავნებოდნენ ოსმალეთის სხვადასხვა ბაზრებში.
  ამრიგად, როგორც ზემოთ აღნიშნული მასალებიდან ჩანს, XVIII საუკუნის მთელ მანძილზე  ტყვეთა ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო ფოთი. ეს გარემოება, ე.ი. ტყვეებით ვაჭრობა დღითიდღე აქვეითებდა ქვეყნის ეკონომიურ წინსვლას, დაქვეითდა აგრეთვე ფოთის საქალაქო ცხოვრებაც და ა.შ.
  1770 წლის ნახევარში რუს-ქართველი ჯარების ერთობლივი მოქმედებით ოსმალებისაგან განთავისუფლდა დასავლეთ საქართველოს მთელი რიგი სამხედრო - სტრატეგიული პუნქტები, მათ შორის შორაპნის, ბაღდადის, ანაკლიისა და რუხის ციხე-სიმაგრეები. იმავე წლის 3 ოქტომბერს რუს-ქართველთა შეიარაღებული რაზმები გენერალ ტოტლებენის ხელმძღვანელობით დაიძრნენ ფოთის განსათავისუფლებლად. მათი მოახლოებისთანავე ფოთში მყოფი ოსმალების გარნიზონს ბათუმიდან დამხმარე ძალები მოეშველენ. რუს-ქართველთა  ჯარებმა ქ. ფოთს და მის ციხე-სიმაგრეს ალყა შემოარტყეს. ადვილად მოსალოდნელი იყო ფოთის დაცემა, მაგრამ ტოტლებენის დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად იგი ოსმალებმა შეინარჩუნეს. ამრიგად, ფოთის კამპანიამ მარცხი განიცადა.    
~
ალექსანდრე მიქავა „ფოთი“ თბ. 1963წ. გვ.3-15
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი