უკან დაბრუნება
განცხადებები
ალერტობა
5-10-2017, 18:26
ნანახია: 1882
გაუზიარე სტატია მეგობარს



   ალერტის ეკლესია მდებარეობს მარტვილის რაიონის სოფელ ნოღაში. მარტვილის, სენაკისა, და ჩხოროწყუს  საზღვრებზე. ჩრდილო -დასავლეთით  ესაზღვრება სოფლები კიწია და ნაფიჩხუ, სამხრეთ-აღმოსავლეთით  ფოცხო და ახუთი.
   სახელი ალერტი გვხდება სხვაგანაც. ალავერდი (ღვთის ნაბოზარი), ალერდი, ალადი.
  სამეგრელოში ეკლესიის უმრავლესობა წმინდა გიორგის სახელს ატარებს. საგულისხმოა თედო სდახოკიას დროს ჩაწერილი ლეგენდები. მეგრელების რწმენით, „წმინდა გიორგი სამეგრელოს მკვიდრი, სამეგრელოშივე დაბადებული“ ყოფილა. იგი წარმოდგენილი იყო „თეთრ რაშზე“ მჯდომარედ და საგმირო საქმეთა  მოქმედად, გამოირჩეოდა თავისი ფიზიკური სიძლიერით. წმინდა გიორგი სულ მუდამ წინ მიუძღოდა მეგრელთა ჯარს. მისი მომრევი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებოდაო. ღმერთმა მას მიანდო პატრონობა ჭექა - ქუხილისა, თავის დროზე  წვიმის მოყვანისა და დევნა სატანისა.
  ალერტის მსგავსი სოფლებია: ყული - სოფელ ყულისკარში (ზუგდიდის რაიონი) და ქიაჩი - სოფელი ობუჯში (წალენჯიხის რაიონი). ლეგენდის  მიხედვით ალერტი, ქიაჩი და ყული ძმები ყოფილან. ისინი გამოირჩეოდნენ თავისი სიძლიერით. როდესაც ადამიანები ერთმანეთს წყევლიდნენ: „გეშგოოთ, (ეუჭყვიდდა) ყულისო (ამოგწყვიტოსო  ყულიმაო)“ ძალიან ეშინოდათ. თუ ვინმე  ეტყოდა ერთმანეთს „აგაშენა ქიაჩმაო“ - ეს ლოცვა სიამოვნებდათ.
  ალერტი - ჩაჩიბაიების და ბოკუჩავების „ჯინჯი“ ხატი ყოფილა, ყული - როგავების, ხოლო ქიაჩი - შენგელაიებისა და სონგულიების. აქედანააა აღებული ცნობილი მწერლის - ლეო შენგელაიას  ფსევდონიმი - „ქიაჩელი“.
  ალერტის ეკლესიაში ასევე ტარდებოდა წირვა-ლოცვა, როგორც სხვა ქრისტიანულ ეკლესიებში. გარდა წირვა-ლოცვისა, მის მიდამოებში ტარდებოდა ალერტობა. 23 ნოემბერს,  გიორგობის დღესასწაულზე, სალოცავის კარზე თავს იყრიდა მრავალი მლოცველი თუ ვაჭარი. როგორც ახლო, ისე შორი თემებიდან მოსული. მოდიოდნენ ურმებით,  ჩალანდრებით, მოყავდათ ზვარაკი, მოჰქონდათ  გასაყიდად სამუშაო იარაღები, ნამკოლუს თიხის ჭურჭლები. კეცები და ყოველგვარი წვრილმანი, აგრეთვე მაჭარი, ფელამუში, ჩურჩხელები და არც  სპირტიანი სასმელები აკლდათ.
  როგორც მლოცველები, ისე მოვაჭრეებიც პირველად შედიოდნენ ეკლესიაში, ანთებდნენ სანთელს, ცოდვების მოსანანიებლად გამოდიოდნენ მშვილდზე. მოვაჭრენი ღმერთს თხოვდნენ არ დაესაჯა ისინი ეკლესიიის კარზე აღებ-მიცემობისთვის. მომლოცველები შეუდგებოდნენ შესაწირის დაკვლა-დამზადებას, მიდიოდა ქეიფი,  ცეკვა - თამაში,  სიმღერები.
  მიუხედავად  იმისა, უკანასკნელ წლებში ალერტში მღვდელმსახურება არ იყო. მთელ საბჭოთა პერიოდში ეკლესიას პატრონობდნენ სოფლის უხუცესები ალექსი ჩაჩიბაია და იოსებ პერტაია,  რომლებმაც დაიცვეს ეკლესია  გაპარტახებისაგან. ისინი მასპინძლობდნენ მომლოცველებს, ხელს უწყობდნენ და პირობებს უქმნიდნენ რიტუალის შესრულებაში.
  ამჟამად ეკლესიას პატრონობს სოფლის მკვიდრი ვიტალი გოგია. გარდა ამისა, სენაკიდან ყოველ დღესასწაულზე  დადის მღვდელი, რომელიც ატარებს წირვა - ლოცვას. ალერტში ყოველ გიორგობის  დღესასწაულზე ძველებურად იკრიბება ხალხი, რომელიც ცნობილია სათემო დღესასწაულად.
  ალერტის პატარა ხატი (ოდნავ დაზიანებული) დღესაც ინახება ალექსი ჩაჩიბაიას შვილის - აბესალომის ოჯახში.

                                                                                                    გაზეთი „ილორი“   12-19 ივლისი   2011წელი გვ.6 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი