უკან დაბრუნება
განცხადებები
ყვავილ - ბატონები
5-10-2017, 18:18
ნანახია: 2102
გაუზიარე სტატია მეგობარს



   ყვავილ - ბატონები:ჩხვერე, კორკოცე, შარტე, კისერე, დიდი ბატონები (წითელა, ყივანა-ხველა, ქუნთრუშა, ჩუტყვავილა, ხორველა, შავი ჭირი) გავრცელებული იყო საქართველოს ყველა კუთხეში.
   1. ჩხვერე ბატონების დროს ბავშვის ტანს ემჩნეოდა ისე, რომ გამონაყარი, აძლევდა სიცხეს.
   2. კორკოცე (ხველა ბატონები) ბავშვი „ახველებდა ისე, რომ მამალივით  ყიოდა, აძლევდა სიცხეს.
   3. წითელა ყვავილის დროს ბავშვის  მთელი ტანი, განსაკუთრებით მუც-ლის  არეში, წითელი წერტილებით იყო გამოყრილი, სიცხესაც აძლევდა.
   4. კისერე (ხორველა). ეს ბატონები ძალიან საშიში იყო ავად-მყოფ-ებისათვის, რადგან ყელი და მთელი სასქუნთქი ორგანოები უჩირქდებოდათ და ეკეტებოდათ.
   5. დიდი ბატონები იგივეა, რაც შავი ჭირი. ეს ავადმყოფობა მაღალი ტემპერატურით იწყებოდა, უსივდებოდათ და უჩირქდებოდათ მთელი სახე. თუ ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა, მას აუცილებლად, სახეზე ემჩნეოდა ნაყვავილარის კვალი, ანდა სამუდამოდ დაინვალიდდებოდა. ასევე იყო ფიღვაია ბატონები, როცა ბავშვს კისერი უსივდებოდა. ეს ავადმყოფობა საშიშს არ წარმოადგენდა.
   დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოსა და სვანეთში, შემოღებული იყო ყვავილ-ბატონების სალოცავი. ეს ტარდებოდა ყველიერის ორშაბათს.
  გადმოცემით, ბატონებს უფროსები აგზავნიდნენ და ასვენებდნენ ხან ბავშვების, ხან კი დიდების ორგანიზმში. მათ ისტუმრებდნენ სიმღერებითა და ჩონგურით. სვანეთში ჭიანურზე მღეროდნენ და ცეკვა-თამაშით აცილებდნენ ბატონებს.
  იწვევდნენ შუამავალს, მახვეწებელს, მომბოდიშებელს, გამომცველებს. ისეთები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ჰქონდა მოსტუმრებული ყვავილ-ბატონები. სწორედ მათ შეეძლოთ ბატონებით დაავადებულ ავადმყოფთა მომსახურეობა. ოჯახის პატრონებს არ შეუძლიათ საჭმლის  მოხარშვა, ცეცხლის დანთება, ტაფის გახურება. ამას მეზობლები აკეთებდნენ და უგზავნიდნენ ყვავილ მოსტუმრებულის ხელით, ან  აკაკუნებდნენ ავადმყოფის ჭიშკარზე, რათა გადაეცათ საჭმელი.  დაძახება არ შეიძლებოდა ავადმყოფზე, რაიმე წამლის მიცემა აკრძალული იყო.
  სოფელ სარაქონში სამი ოჯახი  ამოწყვიტა ყვავილ-ბატონებმა. ჯადალი  ჯალაღონიას ოჯახიდან სამი ბავშვი, ანტონ გეთიას  ოჯახიდან კი სამი ბავშვი და დედ-მამა  შეიწირა. გოძია მეშველიას ოჯახიდან დედ-მამა. ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა უპატრონოდ. ტირილი აკრძალული იყო. მეზობელ სოფელ ლეწურწუმეში  ამბაკო წურწუმიას ბავშვი გარდაიცვალა ბატონებით, მამა კი არ მიუშვეს სატირლად. გაჯავრებულმა მამამ ღვინით სავსე ქვევრები სულ ქვებით დალეწა. მახვეწებელმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ  ბატონებს ამბაკოსათვის ეპატიებინათ დანაშაული.
  ბატონებით ავადმყოფ ოჯახის წევრებს  არ შეეძლოთ თამბაქოს მოწევა, ღვინის  დალევა. თუ რომელიმე ჩვეულებას  დაარღვევდა, მას სჯიდნენ. აი, რას იხსენებს 85 წელს მიღწეული მარტვილელი აბელი მოწაფია: თურმე, როცა ის ყვავილებით ყოფილა ავად, ბაბუამისი მთვრალი მოსულა, ბავშვები კი ცუდად გამხდარან. ბაბუას რომ გამოესყიდა დანაშაული, მისთვის ხელ-ფეხი შეუბორკიათ და საწოლქვეშ  შეუდგიათ. ბავშვებს ეს ძალიან გახარებიათ, სიცილი დაუწყიათ და სიცხეც დასწევიათ.
  როგორც, ამ რამოდენიმე წლის წინათ, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ წერდა, ცნობილი საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწის  ლავრენტი ბერიას ოჯახს აფხაზეთის  სოფელ მერხეულში ყვავილ-ბატონები სტუმრებიათ. ლავრენტის ერთი ძმა ამ  სენით გარდაცვლილა. დედამისიც დაავადებულა, მართალია, ცოცხალი დარჩენილა, მაგრამ სამუდამოდ დაყრუებულა.
  დიდი ბელადის, იოსებ სტალინის დედა - კეკე ხშირად ამბობდა თავის მეზობელზე: „ჩემს სოსოს და ჩემს მეზობელ ქებაძეს ერთად სჭირდათ ყვავილი და ერთნაირად ამჩნევიათო.“ დღესაც ვხვდებით ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებსაც  სახეზე ძლიერად ამჩნევიათ ყვავილ-ბატონების ნაკვალევი.
  ასე რომ, ყვავილ-ბატონების გაჯავრება არ შეიძლებოდა. იტყოდნენ: ბატონები  ესტუმრაო, ბატონები უბრძანდებაო, ბატონებმა ბრძანაო. ავადმყოფს უსრულებდნენ ყველაფერს, შეუძლებელსაც, რასაც კი  მოითხოვდა. გარდაცვლილებზე იტყოდნენ - ბატონებმა წაიყვანაო. მახვეწებლები მიცვალებულს აცილებდნენ ჩონგურითა და იმ სიმღერით, რომელსაც უმღეროდნენ ყვავილმოსტუმრებული შუამავლები,  სიმღერას ერქვა „ოდუდური“.
ვოიადი, ია ვარდი
ია პატონეფი,
ია გიფინუ დო ვარდი
ია პატონეფი,
სტუმარეფ მურს, გოლვაფირო,
ია პატონეფი,
ქუბირათი, გოლვაფირო,
ია პატონეფი,
სქანი ლეხის მოუშუში,
ია პატონეფი,
მუშ ვარდი დო მუშ ქუჩუჩუ,
ია პატონეფი,
ოქროშ ტახტი გონწყილ მაფუ,
ია პატონეფი,
სქანი ლეხის მოუშუში,
ია პატონეფი,
             ***
ია ბატონეფი, წითელე - ბატონეფი,
მუში ვარდი დო მუში ქუჩუჩი,
სქანი ლეხის მოუშუში,
წითელე ბატონეფი,
მოზოჯითუ დოზოჯითუ მაფუ
ია პატონეფი, წითელ ბატონეფი,
ია გიფინ დო ვარდი,
სტუმარეფ მურს, გოლვაფირო,
ქუბირათი სქანი ლეხის
ია პატონეფი, წითელე ბატონეფი.
  ჩამოთვლილი წეს-ჩვეულებები დღესაცაა შემონახული, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კეთდება აცრები, უკეთებენ სიცხის  საწინააღმდეგო საშუალებებს. თუმცა, ყვავილის აცრა ახალი არ გახლავთ და ის მოიხსენიება უძველესი დროიდან.
 
                                                                                          გაზეთი  „ილორი“ 4- 11 ოქტომბერი   2011 წელი გვ.11
  скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი