უკან დაბრუნება
განცხადებები
ყეენობა (კეენობა)
5-10-2017, 07:21
ნანახია: 1597
გაუზიარე სტატია მეგობარს



  წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში დიდ-მარხვის მე-15 დღეს, საღამოთი, იკრიბებოდა სოფლის ყველა გვარის წარმომადგენელი. შეროზიები  და ქუხილავები ხატის ძირად, ფუძის გვარებად ითვლებოდნენ. თითოეული  გვარის  კაცს უნდა  შეესრულებინა „გითოხვამუა“ ( გამოლოცვა).  რიტუალს ასრულებდნენ ძირი გვარის უხუცესები. ისინი  ხატს  განბანდნენ წმინდა საწირავი ღვინით. განმბანელი იყო -შეროზია, ხოლო გამამშრალებელი - ქუხილავა.  თითეულ გვარს მიჰქონდა სანთელი, ღვინო, ხაჭაპური და დაპირების მიხედვით აწყობდნენ პურ-მარილს, ზეიმობდნენ. ანთებდნენ ცეცხლს  და ცეცხლის ალის მიხედვით მკითხაობდნენ იმ წლის ამინდის პროგნოზზე.
  ამ სალოცავის შესახებ დაახლოებით სამოცდაათი წლის წინათ მოვისმინე სოფელ ჩქვალერის მკვიდრ ბეგო ქუხილასაგან. ის უყვებოდა თავის ტოლ მოხუცებს „ყეენობის“ სალოცავზე და მას ადარებდა ჩვენს საგვარეულო სალოცავს „ქეჯვარობას“. ბეგო გახლდათ ჯალაღონიების სიძე. ზამთარში ჩვენს სოფელში აძოვებდა ცხვრის ფარას, ამიტომ წილად მხვდა ბედნიერება - მომესმინა, დამემახსოვრებინა და ასეძთი საინტერესო ცნობა გადამეცა სხვებისათვის.
  როგორც აღვნიშნეთ, სათემო, საგვრეულო, საოჯახო დღეობები მიძღნილი იყო გარკვეული სალოცავისადმი.
  ლოცვები ტარდებოდა არა მხოლოდ ეკლესიებსა და სალოცავებში, არამედ მინდვრებში, ხის ძირას მაგალითად. ჩხოროწყუს რაიონის სოფელ გარახში, მარტვილის რაიონის სოფელ დიდიჭყონში, ზუგდიდის რაიონში სოფელ დიდინეძში, ცაცხვში.
  თვითეულ გვარს ჰქონდა თავისი სალოცავი „ჯინჯიხატი“. ამ საზეიმო დღისათვის საგულდაგულოდ ემზადებოდა გვარის ყველა წარმომადგენელი. ისინი მოელოდნენ „გიმოჭყუდურებს“ (ოჯახიდან გათხოვილ ქალებს). რომლებიც მოდიოდნენ მოსაკითხებით, მოჰყავდათ ზვარაკი. ლოცვა ჯერ ოჯახებში ტარდებოდა, შემდეგ მოდიოდნენ ხატის კარზე. „გიმოჭყუდურების“ გარდა იწვევდნენ ნათესავებს, ახლობლებს, „კერძ მოჯგირეს“ (მოკეთეს).
  ოჯახის ყველა წევრი და მთელი საგვარეულო ცდილობდა სტუმრის პატივისცემას.
 „ გითოხვამუას’ (გამოლოცვის) შემდეგ მონაწილეობდნენ მსვლელობში. ეს გახლდათ საერთო მხიარულება, მოლხენა, ცეკვა _თამაში, სიმღერა, სპორტული შეჯიბრი, შაირობა. განსაკუთრებით უყვარდათ მარულა, თარჩია, ჭიდაობა. ყველა გვარს ჰყავდა თავისი ფალავანი.
  ასეთი თავშეყრა დაკავშირებული იყო დიდ დღესასწაულებთან: ელიობა, მარიამობა, გიორგობა, ბარბარობა, ალერტობა.
  როგორც ითქვა, ჯარობის დროს სალოცავის კარზე თავს იყრიდა მრავალი, მლოცველი, რომელსაც თან ახლდა სოფლისათვის მოხერხებული სახალხო ბაზრობა. ამ დღისათვის ემზადებოდა თითქმის ყველა ახლო-მახლომდებარე სოფელი. აქ შემოდიოდა ყოველგვარი საქონელი, როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ნაწარმი, რაც კი საჭირო იყო მოსახლეობისათვის. მაგალითად, ჯვარული ნაბადებითა და სვანური ქუდებით განთქმული იყო ჯვარი. უნაგირებით, აზიურებითა და ცხენებით - ზუგდიდი, თიხის ჭურჭლებით - ნამკოლუ, ფართლეულებითა და საწვრილმანოთი - ბანძა (ურიაში კარი), ცხენის აღკაზმულობით - წალენჯიხა, მსხვილფეხა საქონლით - ძველი სენაკი.
  ასეთი დღეობები მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ვაჭრობისათვის, არამედ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად. ამ თავშეყრაზე მიმდინარეობდა „გინოძირაფა“ (გადანახულება). ეს მიმდინარეობდა ისე, რომ ქალ-ვაჟმა არაფერი იცოდა, მშობლები აკვირდებოდნენ სარძლო-სასიძოს. ჯარობაზე ყველას ჰქონდა საშუალება შეემოწმებინა ამა თუ იმ ადამიანის ყოფაქცევა. იქ გამომჟღავნდებოდა მათი წესიერება თუ უწესობა. ჭკუა-გონება და პატიოსნება, სიდარბაისლე და ბეჯითობა, ცეკვა -თამაში და სმა -ჭამა. ამის შემდეგ მარებელის (მაჭანკალის) საშუალებით ერთმანეთს ეცნობოდა ქალ-ვაჟი.
  ასე რომ, „ჯინჯიხატობა“ უკავშირდებოდა გვართა ჩამომავალს და მის გამრავლებას. ამიტომ ძირი ხატის კარზე მისვლა და გითოხვამუა (გამოლოცვა) სავალდებულო იყო საგვარეულოს ყველა წევრისათვის. ისინი ყველა პირობას იცავდნენ, რათა ამ დღეობისათვის საზეიმო ელფერი მიეცათ. მოწყენა და გაჯავრება არ შეიძლებოდა - „ვაშინერდ“.
  ყველა საგვარეულოს, ყველა თემს გააჩნდა თავისი „ჯინჯიხატი“. თუ ვინმე საგვარეულოდან შორს გადასახლდებოდა, მათი შთამომავალი მოდიოდა თავისი ძირის ხატის კარზე გამოსალოცად. მაგალითად, აფხაზეთიდან ჩამოდიოდნენ გააფხაზებული მეგრელები, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი მეგრული წარმომავლობის შესახებ. არა ერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა „ჯინჯიხატის“ კარზე ჩამოსულან დარასელიები, ყულის ხატთან - მებონიები და კონჯარიები, ქიაჩის ხატთან - ჩაჩიბაიები, ალერტში - გუდაუთელი კვარაცხელიები, წალენჯიხის ეკლესიაში - ჯალაღონიები, გარახაში და სარაქონში - ლოგუები, კირცხში - კობახიები, ნადარაიები კი ხობში.
  არა მარტო გააფხაზებული მეგრელები, არამედ აფხაზეთში მცხოვრები დანარჩენი ქართველები, რომლებმაც დარწმუნებით იცოდნენ თავიანთი შორეული წარმომავლობა, ყველა მოდიოდა თავის „ჯინჯიხატის“ კარზე გამოსალოცად.
  ჩემი საგვარეულოს „ჯინჯიხატი“ სოფელ გარახში ყოფილა, მაგრამ არა ცნობილი, თუ რატომ,  უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი, პირველად გარახში შეჩერდნენ, მერე გაეყარნენ ერთმანეთს და დასახლდნენ სხვადასხვა კუთხეებში.
   რაც შეეხება აფხაზებს, დიდი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის აზრით, რომელიც ძირითადად ეყრდნობოდა  ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ჩანაწერებს, ამტკიცებს, რომ ძველ დროში აფხაზები თაყვანს სცემდნენ ტყეებსა და ხეებს, რადგანაც მათ ხეები გულუბრყვილო ღვთაებად მიაჩნდათ. ისინი გაზაფხულზე პირველყვავილობას ყოველთვის დღესასწაულობნენ. სახლებს მწვანე ბალახითა და ყვავილებით რთავდნენ. წინა ღამეს ახალგაზრდა ქალები, მოხუცი დედაკაცების ხელმძღვანელობით, სიმღერებისა და თოფის სროლით მიდიოდნენ ტყეში ხუთყურა ყვავილის საპოვნელად.  მზე ამოანათებდა თუა არა, ყველანი სიმღერითა და საგანგებო წესების დაცვით, ყვავილებით მორთულნი, ბრუნდებოდნენ სოფელში. წინ, საზვარაკო ირემთან ერთად, მოხუცი მოუძღოდათ.  სამსხვერპლო ირემთან ყვავილი ან ხის ტოტი ყველა ქალს  უნდა მიეტანა და მის ფეხებთან დაედო. მათ ეს ყვავილები სამსხვერპლოსათან მიჰქონდათ, რათა იმ წელიწადს ბედნიერება მოეტანა მათთვის.
  საინტერტ5ესოა აღინიშნოს - აფხაზები თუ ხეებს სცემდნენ პატივს, მაშინ რომელი კულტით შეცვალეს, რომელი კერპის მიმდევრები გახდნენ? ფაქტი მხოლოდ ერთია, ჩრდილო კავკასიიდან გადმოსული აფფსუები წარმართები იყვნენ. აფხაზეთის ტერიტორიაზე რაც ეკლესიები იყო და არის ყველა მეგრელების აშენებულია და ოდითგანვე ქართულად სრულდებოდა წირვა -ლოცვა. აფხაზეთში, ქალაქ ნიკოფსიაში, განისვენებს სიმონ კანანელი. პირველი საუკუნის მეორე ნახევარში, კამანის მიდამოებში,  მიწას მიაბარეს იოანე ოქროპირის წმინდა ნეშთი, რომელიც მოგვიანებით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.
  იტალიელი მისიონერი გამბა, რომელმაც ამერიკავკასიაში იმოგზაურა, 1821 წელს წერდა: „ბიჭვინთის მონასტერი მაჰმადიანი აფხაზებისა და იქ დასახლებული სომხებისათვის შიშის ობიექტს  წარმოადგენდა. ვიღაც სომეხმა მონასტრის ერთ-ერთი წიგნიდან ორი ფურცელი მოიპარა, რომელიც მისთვის უცნობი ასოებით იყო დაწერილი. როდესაც ის სახლში დაბრუნდა, მყისვე დაავადდა, რაც ანდაზად ჩადენილ დანაშაულს, ქურდობას მიაწერა. ავადმყოფობა მხოლოდ მაშინ ჩაცხრა, როცა მან მოპარული ფურცლები მონასტერს დაუბრუნა. ამან, რასაკვირველია ხელი შეუწყო რწმენის განმტკიცებას...“
  გამბას მიხედვით ძველი სარწმუნოებიდან აფხაზებმა მრავალი ზნე-ჩვეულება შემოინახეს. მაგალითად ისინი სამ დღეს უთმობდნენ აღდგომას: ზეიმობდნენ აგრეთვე სამებისა და შობის დღესასწაულებს. ასე რო ბევრმა აფხაზმა შემოინახა ქრისტიანობა. მათ წინაპრებად მეგრელები ითვლებიან.
  1890 წლიდან ცარიზმის მთავრობამ გააძლიერა კავკასიაზე დაწოლა. ჩვენს მიწა-წყალზე ასახლებდნენ გერმანელებს, ესტონელებს, რუსებს, ბერძნებს. საინტერესოა ის გარემოება, რომ კავკასიაში ასახლებდნენ სხვადასხვა გუბერნიებიდან - უფრო მეტად დამნაშავე ელემენტებსა და სექტანტებს. ამით ცარიზმი თავიდან იშორებდა მუქთახორებსა და პარაზიტულ ელემენტებს.
  აქ თემას ოდნავ გადავუხვევ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მეგრელებსა და აფხაზებს ერთნაირი სალოცავები ჰქონდათ: ლიხნი, ბიჭვინთა, ილორი, კამანი, დრანდა, ბედია, მოქვი. აფხაზეთის მთელი მოსახლეობა დადიოდა ამ ეკლესიებში. გარდა იმ 10-15 პროცენტი აფხაზისა, რომლებიც წარმართები და მუსულმანები იყვნენ.

გაზეთი  ილორი“   11-18  ოქტომბერი  2011წელი გვ.3
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი