უკან დაბრუნება
განცხადებები
ფაზისი
23-07-2016, 13:45
ნანახია: 1295
გაუზიარე სტატია მეგობარს


მთვარე ცის ტატნობს აბნევია ოქროს კამეად,
ზღაპრულ სამოთხეს მოჰგავს ახლა ღამე კოლხური,
ნიავი სარკმლებს ეხეთქება , როგორც ბრამეა
და მელოდიას უკრავს სევდით რითმა ტალღური.
როგორც ძველთაგან დაებედა, ფოთი კვლავ ფოთობს
და ჭორებს ისე ათამაშებს ,ვით ზღვა ნაფოტებს,
მომხვდურ -მტარვალი არ გვაშინებს, ამით არ ვშფოთობთ,
თუ რამ და ისევ ჩვენებურთა ბოღმა გვაბოდებს.
ხოლო თუ მტერი..ოჰ, ამ მტერზე გული ნაჯავრი
ათასი ომით, ოდიგარით გადაქანცულა,
ჯაჭვის პერანგად უჟანგავი გვაქვს ზღვა- აბჯარი,
ყველა ფოთელი თითო რგოლად შიგ რომ ჩაწნულა.
სატევარივით მოელვარე ბასრი რიონი,
ქარქაშად რომ სდევს კორომული ჭადრების წყება
და უეჭველი ოქრო-ვერცხლი ღირს მილიონი,
როს ღამე მათი არღანული კვნესა იწყება.
დავდივართ, მხრებით ლეგენდების სიძველე დაგვაქვს,
ნაღდფოთელობა არის ჩვენი გვარიშვილობა
და ვიმეორებთ: წასართმევი სხვებისგან რა გვაქვს,
როს ძველბერძნული არ შეხორცდა ჯერაც ჭრილობა.
და მედეებით დაჩხვლეტილი ტკენა წარსულთა
ნაიარევად გასდევს ძვირფას ჟამთა გლორიას,
მოპარვა რაშის, ოქროსი და ლამაზ ქალწულთა
ესეც ხომ ჩვენი, კოლხ რაინდთა მონაგონია.
მოლი, კი , ქვებით, უზარმაზარით, ვითარც ყაითნის
ღილ-კილოებით საიმედოდ ისე შეკრულა,
რომ საზღვარს იქით აღარ უშვებს ძახილს კაი ყმის:
„სკან გოლუაფიროს“-ყველაფერს რომ ნიშნავს მეგრულად.
ელოდეებით დაწინწკლული ტბათა შქერები
მზისფერ ჭორფლებად გადაჰყრია სხეულზე ფაზისს
და მათი სტვენა ვიბრანტული, მთრთოლი ბგერებით
გვაუწყებს ტრიუმფს შუბისპირა კოღოთა დასის.
და როს მამულის სადარაჯოდ ერთად დავდგებით,
ამას რაღა სჯობს , ვინმე საქმით თუ გამეჯიბრა,
რეგალიებს ხომ არ ვარ ჩვეული, არ გამოვდგები
არც სპასალარად, არც ვასალად და არც ეჯიბად.
მე ხომ რიგითად დამებედა ყოფნა პოეტად,
ჩემსაზე უფრო საწუხარი მტკივა მამულის,
ღმერთო, იმ წუთებს, სანეტაროს როსღა მოიტან,
უნაღვლოდ შევძლო რიონპირას მეც სიარული.
ბუდეშურივით ფოთელობა მიღვივებს დარდებს,
როს სევდით ვუცქერ ნეგატივებს, ნიადაგ მომლხენთ,
ათასწლეულებს დახვეულებს, როგორც ეტრატებს,
ხელმოუწერელ ანდერძებად რომ შერჩა კოლხეთს.
შენ ელდორადოს შესადარი სულაც არა ხარ,
ხარ ნაღდი, ვითარც იგრიკობას ყვავილთა ფეთქვა,
როგორც გეკუთვნის, შენი თავი ისე მანახა
და მერე, თუნდაც , ბოლო ნატვრად ეს ლექსი მეთქვას.
და ვუძლებთ..მხრებზე ლეგენდების სიძველე გვაწევს,
ნაღდფოთელობა არის ჩვენი გვარიშვილობა,
ვეხვევი ჭადრებს საფირონის, აქატის ნაძვებს
და ყველა ქუჩა ისე მეწვის, როგორც ჭრილობა.
რა ვქნა, სახეზე გრიმასები ვერ მოვისინჯე,
ვერ შევიგუე ყურჩამოყრა და ტაშისკვრები,
ვერც სიმწყობარე ავათვისე სხვათა ნაბიჯებს
და ყოველ ცისმარს კაცობით და ლექსებით ვხვდები.
ფოთი ზღაპრული სამოთხეა მთვარის პლაფონით
და ჰგავს ზმანებას ტკბილ, ბურანულ ფერებში ნანახს,
ბრილიანტია საქართველოს გულში ნაპოვნი,
ცვრის მძივებივით რომ უხდება ცისკარზე ბალახს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი